„მიგრაციის ახალი ტალღა ბინის ქირაზე ფასებს გაზრდის“ - „რე/მაქს რეალთი პარკი“

ბინების გაქირავება

თუ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გაგრძელდა, საქართველო მიიღებს მიგრანტების ახალ ტალღას, რაც ბინებზე ქირის ფასს გაზრდის - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „რე/მაქს რეალთი პარკის" მმართველმა პარტნიორმა მარიამ სურგულაძემ განაცხადა.

„ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო, ქართული უძრავი ქონების ბაზარი ცვლილების მოლოდინშია. გასული წლიდან მოყოლებული, უძრავი ქონების ბაზარზე დომინანტური როლი, დაახლოებით, 70% მოდიოდა ადგილობრივ მოსახლეობაზე და დანარჩენი 30%-დან თითქმის 10% მოდიოდა ისრაელის მოქალაქეებზე. წელს 3-თვიან მონაკვეთში ისრაელის მოქალაქეების მხრიდან დაინტერესებამ 11%-ს მიაღწია.

ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, წელს ისრაელის მოქალაქეების მხრიდან ქართულ ბაზარზე დაახლოებით 37 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა და ეს დინამიკაც მზარდია“, - განაცხადა სურგულაძემ.

მისივე თქმით, თუ საომარი კონფლიქტი მალე არ დასრულდება, შესაძლოა, მიგრაციის ახალი ტალღაც მივიღოთ, რაც ქირაზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

„იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი მალე არ დასრულდება, ჩვენ მიგრაციის ახალი ტალღის წინაშე აღმოვჩნდებით, რაც პირველ რიგში, გაზრდის მოთხოვნას ქირის ნაწილში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, გარკვეულწილად დასტაბილურდა“, - განაცხადა მან.