„მინების დაბურვაზე მოთხოვნა 500%-ით გაიზარდა“ – „ზოგან 400 ლარსაც კი ითხოვენ“

მინების დაბურვა

მას შემდეგ, რაც ავტომობილების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 40%-ის ნაცვლად, 60%-მდე დაამუქონ, სერვისზე მოთხოვნა 500%-მდე გაიზარდა.

როგორც სხვადასხვა ავტომომსახურების კომპანიებში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მოთხოვნის პარალელურად გაძვირდა მინების დამუქებაც და ახლა საშუალოდ, 100-200 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა როგორც სერვის ცენტრებში აცხადებენ, გაზრდილი მოთხოვნის გამო, ზოგიერთ კომპანიაში დაბურვა 400 ლარიც კი ჯდება.

„რაც ეს ცვლილება ამოქმედდა, მინების დაბურვაზე მოთხოვნა 300% კი არა, 500%-ით გაიზარდა. გაძვირდა კიდეც, მაგრამ მგონი, ქალაქში ერთადერთი ვარ, ვინც ამ დრომდე ფასი არ გაზარდა. თვითონ მასალის შემოტანა გამიძვირდა, დაჩქარებული წესით, საჰაერო გზით. ჩემთან , წინა მინების დაბურვა, რაც დაშვებულია, სედანი საშუალოდ, 80 ლარი, ჯიპი 100 ლარი ჯდება. რადგან მე ჩამომაქვს მასალაც, ამიტომ არ გავაძვირე“- განუცხადეს bpn-ს ერთ-ერთ ავტოსერვისში.

„ჩვენთან 100%-ით გაიზარდა მოთხოვნა. მომსახურების ფასმაც 10%-მდე მოიმატა. გააჩნია ავტომობილს და მასალას, ჩვენთან 100-200 ლარამდე მერყეობს. მაგრამ, ზოგან 400 ლარსაც კი ითხოვენ, 2 მინის დაბურვაში“,- ამბობენ მეორე ავტოგასამართ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 ივლისის ბრძანებით, 3 ივლისიდან წინა გვერდითა მინების დამუქების პროცენტულობა შეიცვალა. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 40%-ის ნაცვლად, 60%-მდე დაამუქონ. ახალი წესის თანახმად, წინა გვერდითა მინების დამუქება დასაშვებია 60%-ით, უკანა გვერდითა მინების - 75%-ით, ხოლო წინა საქარე მინის - 30%-ით.

იმისთვის, რომ ავტომობილის წინა გვერდითა მინებზე შუქგამტარობა 60%-ზე, ხოლო უკანა გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტით იყოს შემცირებული, მესაკუთრეს შს სამინისტროსგან სპეციალური თანხმობა ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილის მძღოლი/მფლობელი დაჯარიმდება.

რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ნორმებს, გამოიწვევს 100 ლარით, ხოლო იმ ავტომობილის მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება 10%-ზე მეტით აღემატება ნორმებს - 500 ლარით დაჯარიმებას.