მთავრობამ სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შექმნა - ვინ არიან წევრები

მთავრობა

მთავრობამ სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შექმნა - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 30 დეკემბრის განკარგულებაში.

დოკუმენტი, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, აღნიშნულია: „სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

  • ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
  • მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის წევრი;
  • დავით სონღულაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი;
  • ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის წევრი;
  • მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი;
  • მამუკა მდინარაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
  • ლევან ჟორჟოლიანი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კომისიის წევრი;
  • ირაკლი ლექვინაძე – სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე, პარლამენტს სთხოვა, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას. თავის მხრივ, სუს-მა განაცხადა, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს, ისე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, პარლამენტში სპეციალური კომისია შექმნას.