1791087780
ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტი” გალში მცხოვრები ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლას განიხილავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი განიხილავს კანონში ცვლილებებს, რომლებიც გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ნაწილისთვის აფხაზურ ეროვნებასა და გვარზე გადასვლის შესაძლებლობას შექმნის.
კანონპროექტი ეხება აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ "უცხო ქვეყნის" მოქალაქეებს, რომლებიც ეთნიკურ აფხაზებად ან მათი პირდაპირი შთამომავლებად მიიჩნევიან. ცვლილების შემთხვევაში მათ შესაძლოა დე ფაქტო მოქალაქეობის მიღებაც გაუადვილდეთ.
ინიციატივა, სავარაუდოდ, გალის დაახლოებით 30 ათას მცხოვრებს შეეხება. სეპარატისტები აცხადებენ, რომ ცვლილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დემოგრაფიული შედეგები მოჰყვეს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ჯერ ძალაში არ შესულა და მისი განხილვა დე ფაქტო პარლამენტში გრძელდება.



