ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა - ძვირფასი ლითონი შესაძლოა, 3 ათას დოლარამდე გაძვირდეს

ოქრო

ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. თბილისის დროით 11:00 საათისთვის საერთაშორისო ბირჟაზე ერთი უნციის ფასმა 2 735 დოლარს გადააჭარბა.

Bloomberg-ის შეფასებით, ოქროს ფასი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციისა და აშშ-ში სულ უფრო დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე იზრდება.

Commonwealth Bank of Australia-ს ანალიტიკოსი, ვივეკ დჰარი პროგნოზირებს, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში ოქროს ფიუჩერსები უნციაზე, საშუალოდ, 3 000 დოლარამდე გაიზრდება. კერძოდ, მისი ვარაუდით, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) განაკვეთების შემცირების ციკლი დოლარს შეასუსტებს, ხოლო დოლარის კურსის დაწევა ოქროს ბევრი მყიდველისთვის გააიაფებს, რადგან მისი ფასი აშშ-ის ვალუტაში განისაზღვრება. ამასთან, ოქროზე ცენტრალური ბანკების მხრიდან მოთხოვნა სტაბილურად ძლიერი რჩება. შედეგად, მომდევნო 12 თვეში უნციაზე ფასი 2,900 დოლარს მიაღწევს.

CME FedWatch-ის მონაცემებით, ტრეიდერები ნოემბერში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის შემცირებას მოელიან.

ცნობისთვის: 18 სექტემბერს ფედრეზერვმა საბაზისო განაკვეთი 50 პუნქტით, ანუ წლიურ 4,75–5%-მდე შეამცირა. მანამდე ამერიკულმა მარეგულირებელმა განაკვეთი ბოლოჯერ 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის ფონზე, ეკონომიკის მხარდასაჭერად შეამცირა, ხოლო 2023 წლის ზაფხულიდან Fed-მა განაკვეთი 5,25–5,5%-ის დონეზე შეინარჩუნა, რაც 2000 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი დონე იყო.