1790229660
ორშაბათიდან თბილისის საბავშვო ბაღების მენიუში რძის პროდუქტები დაბრუნდება
ორშაბათიდან თბილისის საბავშვო ბაღების მენიუში რძე და რძის შემცველი პროდუქტი დაბრუნდება,- ამის შესახებ კახა კალაძის მოადგილემ, კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სამედიცინო პროტოკოლით, ნოროვირუსის მიმდინარეობის დროს რძის პროდუქტისა და შემწვარი საკვების მიღება რეკომენდებული არ არის, თბილისის მერიამ კი სწორედ ამ მითითებით იმოქმედა.
,,ცვლილებები მხოლოდ კვების მიმართულებით არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი გულისხმობს, მათ შორის, სანიტარული და ჰიგიენური მიმართულების სხვა რეჟიმს, რომელიდ ადაპტირებულია ბაღებში ვირუსული პერიოდისას.
რაც შეეხება კონკრეტულად რძის პროდუქტს, იქ მხოლოდ რძის პროდუქტზე არ არის საუბარი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ეს თავის განცხადებაშიც და ჩვენ ამ რეკომენდაციებს დავეყრდენით - დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულის მხრიდან არ მოხდეს რძის პროდუქტის მიღება, ცხიმის შემცველი პროდუქტის მიღება, ასევე, შემწვარი და სხვა ტიპის პროდუქტების მიღება.
ეს დაავადებას კიდევ უფრო ამწვავებს. ეს რეკომენდაცია 3-4 დღით მოგვეცა. ეს პერიოდი უკვე გადის და ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება საბავშვო ბაღებს, თავისი კალორაჟით",- აღნიშნა აბულაძემ.



