„პასპორტებს, სახელებსა და გვარებს იცვლიდნენ - დამრღვევებისთვის შენგენის ზონაში შეღწევა პრაქტიკულად, გამორიცხული ხდება“

პასპორტი

„ეს თავდაცვის მექანიზმია შენგენის ზონისთვის - დამრღვევებისთვის იქ ლეგალურად შეღწევა პრაქტიკულად, გამორიცხული გახდება“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ გამყვანი ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი მამუკა კელაურაძე ევროპაში ახალი სამოგზაურო წესების ამოქმედებას.

შეგახსენებთ, 10 აპრილიდან შენგენის ზონის 29 ქვეყნის გარე საზღვრებზე სრულად ავტომატიზებული შესვლის/გასვლის სისტემა (The Entry/Exit System-EES) ამოქმედდა.

EES საპასპორტო შტამპების ციფრული რეგისტრაციით ჩასანაცვლებლად არის შექმნილი და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასულ ყველა მგზავრს, მათ შორის, ტურისტებს, საქმიან მოგზაურებსა და ტრანზიტულ მგზავრებს პირდაპირ შეეხება.

როგორც მამუკა კელაურიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ცვლილება გამკაცრებული მექანიზმის ამოქმედებას ითვალისწინებს მათთვის, ვისაც შენგენის ზონის ტერიტორიაზე წარსულში რაიმე სახის კანონდარღვევა უფიქსირდებოდა, დანარჩენი მგზავრებისთვის კი, შინაარსობრივად არაფერი იცვლება და საქმე მხოლოდ ტექნიკურ სიახლესთან გვაქვს.

"დამრღვევებისთვის შენგენის ზონაში შეღწევა პრაქტიკულად, გამორიცხული ხდება“

„ჩვენთვის პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. პირადად მე, ზუსტად 5 წუთი დამჭირდა აღნიშნული პროცედურების გასავლელად.

ჯერ ერთი სკანერი შეგხვდებათ, თითის ანაბეჭდებისა და პასპორტისთვის, მერე მეორე [სკანერი] და შემდეგ უკვე მიდიხართ მესაზღვრესთან, რომელიც არც არაფერს აღარ უყურებს და მისი მხრიდან, არც არაფერი აღარ მოწმდება. მეორე სკანერი როგორც კი გაგატარებთ, მესაზღვრე უბრალოდ ბეჭედს ჩაგირტყამთ პასპორტის თავისუფალ ადგილზე და გავლა შესაძლებელი გახდება.

სქემა აბსოლუტურად მარტივია. თავდაპირველად, თვითონ სისტემას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები და მგზავრებს პრობლემები ამიტომაც შეექმნათ. ახლა უკვე, როცა წესები ოფიციალურად მოქმედებს შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში, მგზავრებს უპრობლემოდ შეუძლიათ შესვლა.

რა ინფორმაციაც მე მაქვს, ერთადერთი პრობლემა, რაც ქართველებთან დაკავშირებით იყო, პასპორტებს უკავშირდებოდა. ხარვეზიანი პასპორტების სერია რომ გაიცა, სწორედ ამას მოჰყვა შეფერხება და ვიღაცები უკან მოაბრუნეს.

სისტემა იმ შემთხვევაში არ შეუშვებს ქვეყანაში ადამიანს, თუ მას რაღაც ტიპის დარღვევა აქვს. ასეთ ფაქტს პირადად არ შევსწრებივარ, თუმცა გამიგია, რომ ასე მოხდა. გასაგებიცაა, თუ დარღვევა გაქვს, მზად უნდა იყო, რომ ახალი ფორმატით, კონტროლის საკმაოდ მკაცრი მექანიზმი ინერგება.

თითქოს, არაფერი განსხვავებული არ არის, ძალიან მარტივი პროცედურებია, მაგრამ შენგენის ზონისთვის, ეს გარკვეულწილად, თავდაცვის მექანიზმია. ვისაც რაღაც ტიპის დარღვევები ჰქონდა, ისინი პრაქტიკულად, გაიფილტრებიან.

ბევრი პასპორტს ცვლიდა, ზოგი სახელს და გვარსაც, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერასდროს ვერ შეცვლი. პირად ნომერს, საკუთარი თითის ანაბეჭდს და თვალის გუგის სკანერს ვერაფერს მოუხერხებ. ეს ყველა ადამიანის შემთხვევაში უნიკალურია და შესაბამისად, ახალი მეთოდით, ვისაც რაღაც დარღვევა აქვს, აუცილებლად გამოუჩნდება.

შენგენის ზონის ქვეყნებში დამრღვევებისთვის ლეგალურად შეღწევა პრაქტიკულად, გამორიცხული გახდება. უკვე ადამიანთან კი არა, საქმე კომპიუტერთან გაქვს“, - განაცხადა მამუკა კელაურიძემ.

ცნობისთვის, სისტემამ თითქმის, 10-წლიანი განვითარება და 2025 წლის 12 ოქტომბრიდან, ექვსთვიანი ეტაპობრივი ტესტირება გაიარა.

ახალი წესების მიხედვით, მესამე ქვეყნებიდან ჩასულ მოგზაურებს შენგენის ზონის 29-დან ნებისმიერ ქვეყანაში პირველი შესვლისას ისეთი ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება მოეთხოვებათ, როგორიც არის სახის გამოსახულება და ოთხი თითის ანაბეჭდი. 12 წლამდე ასაკის ბავშვები თითის ანაბეჭდების ჩაბარებისგან თავისუფლდებიან.

ეს მონაცემები, მათი სამგზავრო დოკუმენტიდან აღებულ ინფორმაციასთან ერთად, სისტემაში სამი წლის განმავლობაში შეინახება. მოგზაურებს, რომლებიც ბიომეტრიული მონაცემების მიწოდებაზე უარს იტყვიან, ევროკავშირში შესვლა ავტომატურად დაებლოკებათ.