პირადობის მოწმობებზე QR კოდის და თითის ანაბეჭდის დამატება იგეგმება

პირადობა

პირადობის დამადასტურებელ მოწმობებზე QR კოდის დამატება იგეგმება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ წარუდგინა.

კერძოდ, ცვლილებების შეტანა იგეგმება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მნიშვნელოვანი ელექტრონული გაუმჯობესება იგეგმება.

„ეს შეეხება საქართველოს კანონში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის, ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის შესახებ ცვლილებების განხორციელებას. ახალი პირადობის დოკუმენტები და მათი ტექნიკური მახასიათებლები ამ ცვლილებების შემდეგ სრულად უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს და კიდევ უფრო დაცული და უსაფრთხო იქნება.

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისათვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული, ახალი თაობის მიკროსქემებისა და დოკუმენტების ახალი დიზაინის დანერგვა, დამატებითი დამცავი ნიშნებით, რომლებიც არსებული მიკროსქემისა და დოკუმენტების მახასიათებლებისგან განსხვავებული იქნება.

დოკუმენტებს უნდა დაემატოს ახალი რეკვიზიტები. კერძოდ, მოწმობის წვდომის კოდი, რომელიც უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის გამოიყენება და ე.წ. QR კოდი, რომლის მეშვეობითაც, პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ. აქ ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ისეთი ინფორმაციები, რომელიც დაკავშირებულია შშმ პირის სტატუსთან, შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული სტუდენტის სტატუსთან და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან.

მნიშვნელოვანია ასევე კანონით განისაზღვროს, რომ პირადობის მოწმობა შეიცავდეს თითის ანაბეჭდს, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს და გაყალბებისგან დოკუმენტის დაცვის ხარისხს გაზრდის.

ამასთან, გარდა კანონით განსაზღვრული საფუძვლებისა, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იქნება, შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იქნება 6 თვეზე ნაკლები,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.