1745843881
"ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფისი განვადებით იყიდა

მმართველმა პარტიამ ახალი ოფისი იყიდა, რომელიც დღეს, საარჩევნო კამპანიასთან ერთად გაიხსნება.
"ქართული ოცნების" ინფორმაციით, ეს იქნება ცენტრალური ოფისი. რა ბედი ელის ძველ ოფისს, უცნობია.
საჯარო რეესტრში ცვლილება უკვე ასახულია და მფლობელად "ქართული ოცნებაა" მითითებული. ხელშეკრულება დადებულია უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობით, რომელიც გუშინ 15 ივლისს გაფორმდა.
მმართველი პარტია თებერვალში აცხადებდა, რომ ოფისის მშენებლობას "ქართული ოცნება" არ აფინანსებს და მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს პარტიამ. რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ინფორმაცია გასაჯაროვდება.
BM.GE-მ უკვე მიმართა "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიმღებ პარტიას, კითხვით - რა დაჯდა ახალი ოფისის განვადებით შეძენა.
რაც შეეხება თავად ოფისს, შენობის საერთო ფართით 8460.9 კვ.მ. დამატებითი ფართი კი, : 4953 კვ.მ-ია. შენობას 2021 წელს რეგისტრირებული შპს ნიუ ოფისი ააშენა, რომლის წილის 100% დავით ანდღულაძე ფლობს.
პროექტის მიხედვით, K2 კოეფიციენტის 8 383 კვ.მ შენობა 34.95 მეტრის სიმაღლისაა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით კი, 4953.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ვლადიმერ წითლანაძის ქუჩა, სამხრეთ-დასავლეთიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩა, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შენობა. შენობა 8 სართულიანია.
"ნიუ ოფისი" დავით ანდღულაძეს ეკუთვნის, რომელსაც 110,000 ლარი 2021 წლის სექტემბერში და 2023 წლის 27 დეკემბერს აქვს "ქართული ოცნებისთვის" თანხა შეწირული.
არქიტექტორი
დიდი ხეივნის 3 ნომერში ნაგებობის აშენების უფლება კომპანიამ გასული წლის 7 დეკემბერს მიიღო. საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, მთავარი არქიტექტორი გიორგი ჭყონიაა.
არქიტექტორი, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, არქიტექტორული ბიურო „მიდამოს“ მფლობელია. ჭყონიაა მთავარი არქიტექტორია "სილქ როუდ ჯგუფის" პროექტის, რომლის მიხედვითაც ელბაქიძეზე ახალი უბანი უნდა აშენდეს. ასევე, "ანაგი ჯგუფის" “Park Home საბურთალოს”.