როდის დასრულდება მეტრო "ვარკეთილის" რეაბილიტაცია - კახა კალაძის განმარტება

მეტრო ვარკეთილი

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება - კომპანია ვერ ვნახეთ, ვინც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებდა. ერთი კომპანია იყო, ვალდებულებები ვერ შეასრულა - გავაგდეთ, მეორე კომპანია იყო ვერ შეასრულა- გავაგდეთ. უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგავართ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, ბევრი კომპანია თავს იკავებდა მონაწილეობისა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისგან.

„არასდროს დავმალულვართ, ყველაფერზე პირდაპირ ვსაუბრობდით, მათ შორის, იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციას უკავშირდებოდა. კომპანია ვერ ვნახეთ, ვინც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებდა. ერთი კომპანია იყო, ვალდებულებები ვერ შეასრულა - გავაგდეთ, მეორე კომპანია იყო -ვერ შეასრულა - გავაგდეთ. უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგავართ, რადგან არ გვყავს ექსპერტები ამ მიმართულებით, არ გვყავს შესაბამისი კომპანიები აღნიშნული გამოცდილებით, რომელთაც შეუძლიათ ამ ტიპის სამუშაოების წარმოება.

დავიწყებდით რაღაცის გაკეთებას და მერე გამოჩნდებოდა, რომ გვირაბის თაღში პრობლემები იყო. დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები, ჩამოვიყვანეთ, მოხდა პროექტის თავიდან გადაკეთება, შესწავლა. ჩვენთვის ხომ მთავარი ის არის, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ უსაფრთხოდ, მით უმეტეს, გვახსოვს, თუ რა მოხდა ვარკეთილის მეტროში. ბევრი კომპანია თავს იკავებს - ეშინია, ერიდება შემოვიდეს და შესაბამისი სამუშაოები აწარმოოს, თუმცა დღეს უკვე ყველა კვლევა ჩატარებულია და საჭირო სამუშაოებისთვის დროებით დაკეტილიც იყო მეტროსადგური, მგზავრებს ვერ იღებდა, აგვისტოს ბოლოს გაიხსნა. ახალი წლისთვის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება აღნიშნული მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

bpn.ge