1741781907
როგორ და როდიდან აღუდგება გაზმომარაგება ვაკე-საბურთალოს 150 000-მდე აბონენტს? - თბილისი ენერჯის განმარტება

"ქსელში გაზის გაშვება, საპროგნოზოდ, დღის 2 საათიდან დაიწყება", - ამის შესახებ BM.GE-სთან სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის 150 000-მდე აბონენტი დარჩა. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდების აღდგენა დღეს დაიწყება და 11 თებერვლის დღის ბოლომდე გაგრძელდება. თბილისი ენერჯის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია. გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. რისთვისაც "თბილისი ენერჯის" შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან. BM.GE დაინტერესდა - რას მოიცავს გაზმომარაგების აღდგენის მეორე - ყველაზე რთული ეტაპი.
როგორც თბილისი ენერჯის სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსი განმარტავს, უსაფრთხოების სრული დაცვისთვის, ცალკეულ სახლებში მისვლა და გაზის ჩართვა იგეგმება. ის დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს გაზის ონკანი გახსნილი ექნება, იმ საცხოვრებელ კორპუსში გაზმომარაგება არ ჩაირთვება, რათა მოსახლეობა უბედური შემთხვევისგან დაცული იყოს.
„უსაფრთხოების სრული დაცვით უნდა მოხდეს ქსელში გაზის გაშვება, რომ ჩართვის დროს მოსახლეობა უბედური შემთხვევისგან დაცული იყოს. სახლში ადამიანის ყოფნას ან არ ყოფნას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ ჩვენ ქსელს წნევის ქვეშ ვამოწმებთ, რაც გამორიცხავს იმას, რომ თუ ვინმეს [გაზის ონკანი] ღია აქვს დატოვებული, ეს შემთხვევა გამოირიცხოს. თუ ღიად არის ონკანი დარჩენილი, ამ შემთხვევაში ჰერმეტულობა არ იქნება დაცული და ჩვენთვის ნიშანი იქნება, რომ სადღაც გადენის წყარო არსებობს. შესაბამისად, იმ კორპუსში გაზმომარაგება არ აღდგება, მანამ სანამ უსაფრთხოების ზომების არ იქნება სრულად მიღწეული. ცალკეულად ადგილზე მისვლის პრეცედენტები სულ იყო, თუმცა ახლა დიდ მასშტაბზეა საუბარი რაც, ქსელში გაშვების სამუშაოებს აჭიანურებს.
ამ წუთს აბონენტებთან გაზმომარაგება არ აღდგენილა, თუმცა საავარიო მდგომარეობა სრულად აღმოფხვრილია. უკვე მიმდინარეობს ქსელის მომზადება, გაზის გასაშვებად. საპროგნოზოდ, დღის 2 საათიდან ქსელში დაიწყება გაზის გაშვება. ამ საპროგნოზო დროში ჩავეტევით“, - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
bm.ge