1776243480
ROLEX-ის საათები, მამისგან ნაჩუქარი სახლი და მანქანა - რა ქონებას ფლობს დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე
როლექსის საათები, მამისგან ნაჩუქარი სახლი და მანქანა, ანაბარი ევროპულ ბანკში - ეს იმ ქონების ნაწილია, რომელსაც ყოფილი კალათბურთელი, პარლამენტის წევრი ვიქტორ სანიკიძე ფლობს.
ამჟამად დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 13 თებერვალს წარადგინა.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია:
- 175,26 კვ.მ საცხოვრებელ სახლი თბილისში, რომელიც მამისგან საჩუქრად გადაეცა;
- თბილისში 198,41 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 50% (მემკვიდრეობა)
- 14,21 კვ.მ ავტოფარეხი თბილისში, რომელიც მამისგან ჩუქებით გადაეცა;
- 16,78 კვ.მ ავტოფარეხის 50% (მემკვიდრეობა);
- 820 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ კოტორაანთკარში (მემკვიდრეობა);
- თბილისში 26994 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის 1% (მემკვიდრეობა).
გარდა ამისა, მისი მეუღლის სახელზეა:
- 218,94 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც 2003 წელს 1 041 200 ლარად შეიძინა;
- 95,4 კვ.მ ბინა თბილისში, რომელშიც 2023 წელს 180 000 აშშ დოლარია გადახდილი;
- 3 ავტოფარეხი, რომელთა ჯამური ღირებულება 38 000 აშშ დოლარია.
ასევე, ვიქტორ სანიკიძეს ეკუთვნის 11 000 ევროს ღირებულების ROLEX-ის მაჯის საათი, და 2017 წლის Toyota Camry, რომელიც მამისგან ჩუქებით გადაეცა. ხოლო მის მეუღლეს 8000 აშშ დოლარიანი ROLEX-ის და 7600-ევროიანი მაჯის საათები.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ვიქტორ სანიკიძე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ფლობდა: მიმდინარეზე 31 400 ლარზე მეტს, 4 170 აშშ დოლარამდე, ხოლო ევროპულ ბანკში 187 268 აშშ დოლარს დეპოზიტს. ასევე, 68 000 ლარს ხელფასი დაგროვებიდან.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ვიქტორ სანიკიძე არის შპს „კალათბურთის აკადემიისა“ და შპს „სანი სპორტს“-ის 50%-იანი წილის მფლობელი.
დეკლარაციის მიხედვით, ვიქტორ სანიკიძემ გასულ წელს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ხელფასის სახით 61 530 ლარი მიიღო, ხოლო დეპუტატის სტატუსით 11 973 ლარი.



