„საესკალატორო გვირაბი გაყვანილია ორივე მეტროსადგურში“ – სად შეიძლება იყოს ახალი ამოსასვლელები

მეტრო

თბილისის მერიაში მეტროსადგურების „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელის მოწყობაზე დაიწყეს საუბარი. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულზე დეტალები უცნობია, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ მეტროსადგურებზეა დაპროექტებული მეორე ამოსასვლელის გაკეთება, რა ეტაპამდეა სამუშაოები შესრულებული და შესაძლებელია თუ არა ახლა მათი დასრულება.

როგორც ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი bpn.ge-სთან ამბობს, პირველადი პროექტით (საბჭოთა კავშირის დროს) მეორე ამოსასვლელი იგეგმებოდა, ვარკეთილში, ავლაბარში, თავისუფლებაზე, რუსთაველზე, მარჯანიშვილზე, გურამიშვილზე, სარაჯიშვილსა და ახმეტელზე. მისივე ინფორმაციით, ამათგან სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია „მარჯანიშვილსა“ და „ახმეტელის თეატრზე“, დანარჩენ სადგურებში კი მხოლოდ მცირედი ნაწილი.

„ძალიან ბევრი სადგურია, სადაც მეტროს მეორე ამოსასვლელი უნდა გაკეთებულიყო. მაგალითად, იგეგმებოდა, ვარკეთილში, ავლაბარში, თავისუფლებაზე, რუსთაველზე, მარჯანიშვილზე, გურამიშვილზე, სარაჯიშვილზე და ახმეტელზე. თუმცა, იქ სადაც სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია, რა თქმა უნდა, ახლა მისი დამთავრება უფრო მარტივია. ასეთია ორი, „ახმეტელის თეატრი“ და „მარჯანიშვილი“. მეორე ამოსასვლელის საესკალატორო გვირაბი გაყვანილია ორივე მეტროსადგურში. "მარჯანიშვილზე" უფრო მეტი სამუშაოებია ჩატარებული, მოწყობილია ზედა ვესტიბიულის კონსტრუქციები, უფრო მეტია ქვედა სადგურთან შეერთების კონსტრუქციები. ახმეტელზე შედარებით ნაკლებია, თუმცა, იქაც თვითონ გვირაბი, ესკალატორი რაშიც უნდა განთავსდეს, გაყვანილია. შესაბამისად, ამ ორი ამოსასვლელის დასრულება არის უფრო მარტივი, ვიდრე იმ სადგურებზე, სადაც მეორე ამოსასვლელები იყო დაპროექტებული, მაგრამ ამოსასვლელის კონსტრუქციები თითქმის არ შესრულდა. მაგალითად, "რუსთაველზე" და "თავისუფლების მოედანზე" სადგურის ვესტიბიულში გაკეთებულია გადასასვლელი კიბე, რომელიც შემდეგ უნდა დაკავშირებულიყო ამოსასვლელს, მაგრამ ეს სამუშაოს მიზერული ნაწილია“,- ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დაპროექტებული სადგურების დასრულება ახლა, ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დიახ, თუმცა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

„შესაძლებელი არის, უბრალოდ ფინანსურად ეს ბევრად უფრო დიდი პროექტებია, ვიდრე „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის“ მეორე ამოსასვლელების დასრულება. ამის შემდეგ, შეიძლება ვიფიქროთ სხვა ამოსასვლელებზე. მაგალითად, "თავისუფლების მოედნის" მეორე ამოსასვლელი შეიძლება ძალიან პერსპექტიული იყოს თბილისის სატრანსპორტო სისტემისთვის, იმიტომ, რომ ის გადიოდა, ორბელიანის მხარეს, კოლმეურნეობის მოედანზე, სადაც არის ძალიან დიდი მგზავრთა მიზიდულობის ცენტრი. იქ არის გაჩერებები, იუსტიციის სახლი, ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამიტომ თუ „ახმეტელისა“ და „მარჯანიშვილის“ პროექტები განხორციელდა, შემდეგ პრიორიტეტად „თავისუფლების მეტროს“ მეორე ამოსასვლელს დავაყენებდი.

ასევე ძალიან საინტერესოა „გურამიშვილისა“ და „სარაჯიშვილის“ ამოსასვლელები, მათი აყვანა იგეგმებოდა თემქის ზონებში, რაც გააუმჯობესებდა იქ სატრანსპორტო სისტემას. თუმცა, აქაც მცირე სამუშაოებია ჩატარებული.

რაც შეეხება „რუსთაველს“, მეორე ამოსასვლელი „ბილტმორის“ ადგილზე უნდა ამოსულიყო. ახლა ბუნებრივია, ეს ვეღარ გამოვა, თუმცა თეორიულად შეიძლება მისი გადანაცვლება სხვა მიმართულებით.

"მარჯანიშვილზე", უფრო მარტივი სათქმელია, ეს არის მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების კვეთაზე. რაც შეეხება "ახმეტელს", ამოსასვლელი არის შეშელიძეზე, თუმცა სადაც ადრე იგეგმებოდა, იქ ახლა საკმაოდ მჭიდრო განაშენიანებაა და სავარაუდოდ, ვეღარ გამოვა. თუმცა, ისევ შეშელიძეზე იქნება, უბრალოდ, შესაძლოა ქუჩის სხვა მხარეს იყოს.

მე ვფიქრობ, ძალიან პერსპექტიული პროექტებია. სხვათა შორის, ურბანული ლაბორატორია იყო პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი, ვინც 2016 წელს დაიწყო ამ საკითხზე საუბარი, იმიტომ რომ ბევრს აღარც ახსოვდა მეორე ამოსასვლელების არსებობა. მოკლე დოკუმენტური ფილმიც გადავიღეთ ამ თემაზე. რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენ თავზე ვერ დავიბრალებთ, თუმცა გარკვეული წვლილი მიგვიძღვის, რომ ამაზე აქტიური საუბრები დაიწყო.

რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება მოკლევადიანი პერსპექტივა, რადგან არ არის იაფი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაღაც პერიოდის შემდეგ, ის მაინც განხორციელდება, რადგან ამის აუცილებლობა არსებობს. ეს განტვირთავს მიწისზედა ტრანსპორტს, ნაკლები გადაჯდომა დასჭირდება მგზავრს და ის ხალხიც ისარგებლებს, ვინც მეტროზე იმის გამო ამბობდა უარს, რომ ამოსასვლელი მისთვის შორს იყო“, - ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი.

bpn.ge