„საგიჟეთი ხდება - რუს ტურისტებს გზაზე ჰყავთ გაჩერებული მანქანები, ამან გუდაურში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია“

გუდაური

„რუს ტურისტებს პირდაპირ გზაზე ჰყავთ გაჩერებული მანქანები, რამაც გუდაურში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „მთის კურორტების ბიზნესასოციაციის“ თანადამფუძნებელმა მირანდა ესაკიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, ახალი წლის დღეებში გუდაურში გზებზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ. დამსვენებლების თქმით, შეფერხებებია როგორც კურორტზე შესასვლელ, ასევე შიდა გზებზეც.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მირანდა ესაკიამ უთხრა, შესაბამისმა სამსახურებმა ვერ უზრუნველყვეს, არასაპარკინგე ზონაში გაჩერებული ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა, რამაც აღნიშნული პრობლემები გამოიწვია.

„ეს გზა, მთავარი გზიდან ახალ გუდაურამდე, გონდოლის მოედნამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელზეც საუბარია, 6 წლის ნანატრი გზაა, გაფუჭებული იყო. წარმოიდგინეთ, ამდენი საერთაშორისო ტურისტი ჩამოდის და ჩვენ გზა არ გვქონდა. 6-წლიანი თხოვნის შემდეგ, გზაც გაგვიკეთეს და ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის განკუთვნილი საფეხმავლო ბილიკიც. თუმცა, გზა კი არ გააფართოვეს, მის ხარჯზე მოხდა ბილიკის დამატება. 2 მანქანა ერთდროულად ვერ გაივლის ამ გზაზე, ისე დაავიწროვეს. ახალი წლის დღეებში, სავსე გუდაურში 5 საათი იდგნენ ავტომობილები საცობში.

ტექნიკა ნამდვილად მოდის გზის გასაწმენდად, მაგრამ პირდაპირ გზაზე აქვთ ტურისტებს მანქანები გაჩერებული და ვერ ხერხდება. ძირითადად, რუსული ნომრის ავტომობილებია ჩამწკრივებული. ვერც უკავშირდები, ვერც პოულობ სად არის ეს ტურისტი გაჩერებული და ამ მანქანასაც ვერაფერს უხერხებ. არ უნდათ პარკირების თანხის გადახდა. ამის გამო გზაზე, თანაც ისედაც დავიწროებულზე ჰყავთ გაჩერებული მანქანები.

მეორე საკითხია მენეჯმენტი - მთის კურორტებს და პოლიციას არ ჰყავდა შესაბამისი ტექნიკა. ბიზნესასოციაციას როგორც გვითხრეს, წესით, დღეს უნდა გამოჩნდეს შესაბამისი ტექნიკა და ყველა ავტომობილი საჯარიმოზე გადაიყვანონ. ამის შემდეგ კი შეძლებენ, რომ შემოვიდნენ და გზა გაწმინდონ.

სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია კოლაფსი - არ ჰქონდათ პარკირების სისტემა მოწესრიგებული, დაჯარიმების სისტემა არ მოქმედებდა, არც „ობობა“ ევაკუატორები იყო; არ იყო გამოყოფილი სპეციალური ტერიტორია, სადაც გადაიყვანდნენ დაჯარიმებულ ავტომობილებს. როცა ამ ყველაფერს მოაბამენ თავს და საპატრულო პოლიციაც ჩაერთვება, ამის შემდეგ გაწმენდენ გზას და პრობლემაც მოიხსნება.

სულ არის მაქსიმუმ კილომეტრნახევრიანი გზის პრობლემა. გზის გაუწმენდავობისა და საცობების გამო, ვეღარ შემოდის სასწრაფო დახმარების მანქანა. წესიერად ვერ შემოდის ვერც პოლიცია, საგიჟეთი ხდება. გარდა ამისა, ნაგვის მანქანებიც ვერ შემოდიან, მიაქვს გუდაური ნაგავს“, - განაცხადა მირანდა ესაკიამ.

BPN.GE