1767082001
საქართველო რუსული მაკარონის საექსპორტო ქვეყნების წამყვან ხუთეულს ხურავს
იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან მაკარონის პროდუქციის საექსპორტო მიმართულებებს შორის საქართველო წამყვან ხუთეულს ხურავს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველოში რუსეთიდან, თითქმის, 9 მლნ დოლარის მაკარონის ნაწარმი შემოვიდა.
მონაცემებს რუსული „კომერსანტი“ ფედერალურ ცენტრ „აგროექსპორტის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს
ბელარუსი რუსული მაკარონის პროდუქციის წამყვანი იმპორტიორი ქვეყანაა, სადაც 59 მლნ დოლარის პროდუქტი შევიდა. მეორე ადგილზე, თითქმის, 41 მლნ დოლარით ყაზახეთი, ხოლო მესამეზე, დაახლოებით, 18 მლნ დოლარით უზბეკეთია. მეოთხეზე მყოფ აზერბაიჯანს საქართველოს ანალოგიური მაჩვენებელი აქვს, სადაც რუსული მაკარონის პროდუქციის იმპორტმა, ფულადი თვალსაზრისით, ასევე, 9 მლნ დოლარი შეადგინა.
მთლიანობაში, წლის პირველი 10 თვის განმავლობაში რუსული მაკარონის პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით, 173 მლნ დოლარზე მეტად გაიზარდა. მოცულობის თვალსაზრისით, მთლიანმა ექსპორტმა 116 000 ტონაზე მეტი შეადგინა. პროდუქცია 80-ზე მეტ ქვეყანას მიეწოდებოდა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთიდან მაკარონის პროდუქციის ექსპორტის ღირებულება გაორმაგდა.
ცნობისთვის: ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, რუსეთის აგროსამრეწველო პროდუქციის ექსპორტის საერთო მოცულობამ წელს შესაძლოა, 80 მლნ ტონას მიაღწიოს, რაც, დაახლოებით, 40 მლრდ დოლარს შეადგენს.



