„საქართველოში უკვე შემოსულია გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი, ევროპული ვაქცინა და უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტრო გამოაცხადებს ვაქცინაციის დაწყების პირობებს“ - ივანე ჩხაიძე

ვაქცინა

„ამ პერიოდში, ქვეყანაში, ძირითადად, ისეთი ვირუსები ცირკულირებენ: რინოვირუსი, კორონავირუსი, მეტაპნევნოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, რომელთაც შეუძლიათ გაცივების მსგავსი სიმპტომატიკის გამოწვევა“, - ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსულია ევროპული, ოთხკომპონენტიანი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და, უახლოეს პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტრო გამოაცხადებს ვაქცინაციის პირობებს.

„რადგან ჩვენ ნოემბერში ველოდებით შეტევის შემთხვევების დაწყებას და დეკემბერ-თებერვალში - პიკს, ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი იმუნური სისტემა, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფებს, უნდა იყოს ამისთვის მომზადებული.

მომზადების შესაძლებლობა, ეს ბოლო წლებია, საქართველოში გვაქვს და გვაქვს უფასო ყველა ადამიანისთვის - ეს არის გრიპის საწინააღმდეგო ვირუსით ვაქცინაცია. საქართველოში უკვე შემოსულია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ოთხ კომპონენტიანი, ევროპული წარმოების და უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გამოაცხადებს ვაქცინაციის დაწყების პირობებს“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.