შავი ზღვის ანაპის სანაპიროზე მაზუთის ახალი კვალი აღმოაჩინეს

მაზუთი

შავი ზღვის ანაპის სანაპიროზე მაზუთის ახალი კვალი აღმოაჩინეს. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, დაბინძურება მუნიციპალურმა სამსახურებმა დილის მონიტორინგის დროს აღმოაჩინა.

შტაბის ცნობით, ეს იყო ნავთობპროდუქტების მცირე ფრაქცია, რომელიც სწრაფად ამოიღეს.

თუმცა კრასნოდარის სანაპიროზე მაზუთის ემისიები მაისშიც დაფიქსირდა. კერძოდ, დაბინძურება ჯერ 13 და 18 მაისს, შემდეგ კი 27 მაისს მცირე ზეთოვანი ლაქა ანაპაში, სასტუმრო Beach Village-თან დაფიქსირდა.

მანამდე “როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელი, ანა პოპოვა აცხადებდა, რომ ტემრიუკის რაიონისა და ანაპის პლაჟები მიმდინარე სეზონზე ზაფხულის საკურორტო დასვენების ორგანიზებისთვის სანიტარულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. თუმცა, მისი თქმით, ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის პლაჟები მაზუთისგან მთლიანად გაიწმინდა და წლევანდელი ზაფხულის სეზონზე ტურისტებისთვის შესაფერისია.

თვის დასაწყისში უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ ნოვოროსიისკიდან აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრამდე ზღვის წყლისა და ქვიშის ნიმუშები სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო სიტუაცია მკაცრად კონტროლდება.

ამასთან, სატელიტური სურათების საფუძველზე რუსეთის კოსმოსურ-ტექნოლოგიური კომპანია SR Data-ს ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ აპრილის ბოლოს მაზუთის ლაქა 2.175 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე გადაიჭიმებოდა, ხოლო შტორმის შემთხვევაში ტუაფსეში, სოჭსა და სევასტოპოლშიც გაჩნდებოდა. მაშინ ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაბალი ტემპერატურის გამო ფსკერზე იყო დალექილი, თუმცა თბილი ამინდების დაწყებისთანავე ზედაპირზე იწყებს ამოტივტივებას. შედეგად, SR Data პროგნოზირებდა, რომ ანექსირებული ყირიმის სანაპირო ზოლის 115 კილომეტრი და კრასნოდარის მხარის სანაპიროს 85 კილომეტრი რისკის ქვეშ დადგება.

ცნობისთვის: ტანკერები, Volgoneft-239 და Volgoneft-212, რომლებსაც 9,2 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდათ, ქერჩის სრუტეში, კავკაზის პორტის სიახლოვეს გასული წლის 15 დეკემბერს ჩაიძირა. შედეგად შავ ზღვაში 4 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა. ჩაძირული ტანკერებიდან ნავთობპროდუქტები თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჟონავდა და მისი ამოტუმბვის სამუშაოები მხოლოდ 19 იანვარს დაიწყო. რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შეფასებით, კრასნოდარის მხარის პლაჟები მაზუთისგან მხოლოდ 2026 წლის მაისისთვის გაიწმინდება. თუმცა რაიონში ეკოლოგიის გაუმჯობესებას შესაძლოა, 10-15 წელი დასჭირდეს. ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, წყლიდან ჩაძირულ ტანკერებს მხოლოდ 2026 წლისთვის ამოიღებენ.