„შევეცდებით, ტურისტულ ზონებში უკვე წელს არ გამოვიყენოთ ტექნიკური მარილი - 2026 წლიდან აიკრძალება არამოდიფიცირებული ასფალტის დაგება“

გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა

„შევეცდებით, რომ ტურისტულ ზონებში უკვე წელს არ გამოვიყენოთ ტექნიკური მარილი“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში საკუთარი გამოსვლის ფარგლებში ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა გზების შენახვა-მოვლის რეგლამენტზე. როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ტექნიკური მარილი გარდა დისკომფორტისა, გზებისთვის დამაზიანებელია. 2026 წლიდან კი, მისი თქმით,საერთოდ აიკრძალება არამოდიფიცირებული ასფალტის დაგებაც.

„მუშავდება საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ახალი სტრატეგია და სტანდარტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვლა-შენახვის კუთხით გადავდგათ ინოვაციური ნაბიჯები. მასალისთვის, შევეცდებით, რომ ტურისტულ ზონებში უკვე წელს ზამთრის პერიოდში აღარ გამოვიყენოთ ტექნიკური მარილი, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც ტურისტული სეზონის პერიოდში, ასევე გზებთან მიმართებითაც არის საკმაოდ დამაზიანებელი.

მომავალი წლიდან შევეცდებით საერთოდ ახალ მოდელზე გადავიდეთ გზების მოვლასთან დაკავშირებით.

ასევე იცით, რომ ის მაგისტრალები, რომელიც ბოლო წლებში აშენდა, საქართველოში სამასიოდე რთული საინჟინრო კონსტრუქციებია და მათი სწორად მოვლა-დაგეგმვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ვმუშაობთ და მალე წარმოგიდგენთ საავტომობილო გზების კანონს. პროცესში ჩვენ ჩართული გვეყოლება საერთაშორისო ექსპერტები და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას გამოვიყენებთ. ჩვენ მოვითხოვეთ, ბევრი ხარისხობრივი ცვლილება. ერთ-ერთი ასეთი არის, 2026 წლიდან აიკრძალება არამოდიფიცირებული ასფალტის დაგება საქართველოში და მთლიანად გადავალთ მოდიფიცირებულზე, რაც გაცილებით ხანმედეგი პროდუქტია და გაცილებით გამძლე ხდება გზა. ამის შესახებ ყველა კომპანია გავაფრთხილეთ 6 თვის წინ, რომ მათ შესძლებოდათ ადაპტირება და ჰქონოდათ ვადა, რომ მათი სიმძლავრეები მისთვის მოერგოთ“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.