სკანდალი „თამიროს“ გარშემო - „პროდუქციის შესახებ მომხმარებელს ზუსტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს“

თამირო

ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში მომხმარებლების მხრიდან აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია აქსესუარების ქართული ბრენდის „თამიროს“ შესახებ. მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ კომპანია პროდუქციას უცხოური საიტებიდან იწერს, შემდეგ კი საკუთარი ბრენდის ქვეშ ყიდის.

ამასთან, ინფლუენსერები აცხადებენ, რომ არ ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად იწარმოება კომპანიის საათები. ისინი „ტიკტოკსა“ და სხვა პლატფორმებზე ავრცელებენ ფოტო/ვიდეო მასალას, სადაც ჩანს, რომ კონკრეტული საათის მოდელი უცხოურ საიტებზეა განთავსებული.

„მე არ მივცემ არავის იმის უფლებას, რომ მე და ჩემი გამომწერები მოგვატყუოს. როცა კომპანიას აქვს პრეტენზია, რომ აქვს ქართული ნაწარმი, Pinduoduo-ზე და Temu-ზე არ უნდა იყიდებოდეს როგორც უცხოური პროდუქცია“, - ამბობს ერთ-ერთი ინფლუენსერი ვიდეოში.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (momxmarebeli.ge) პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი პროდუქციის შესახებ მომხმარებლებს დეტალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.

თუმცა, კომპანიის საიტზე პროდუქციის უდიდეს ნაწილს არ აქვს მითითებული ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად: მწარმოებელი, მახასიათებლები, მასალა და სხვა.

კიდევ ერთი საკითხია ღირებულება, მომხმარებლები წერენ, რომ უცხოურ საიტებზე გაცილებით დაბალი ფასი აქვს იგივე პროდუქციას, რომელსაც „თამირო“ ყიდის.

ცნობისთვის, „თამიროს“ საათების ფასი 56.25 ლარიდან იწყება და 6300 ლარს აღწევს.

momxmarebeli.ge-ს პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ საქართველოში პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მსგავსი პროდუქციის ფასები, პრაქტიკულად, არ რეგულირდება.

„ცხადია, რომ პროდუქციის შესახებ მომხმარებელს ზუსტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. ფასების საკითხი ჩვენთან, ფაქტობრივად, არ რეგულირდება. კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახდენს დაკვირვებას, რომ არ მოხდეს მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მაგრამ საათების კუთხით არ მგონია ისეთი სიტუაცია იყოს, რომ მონოპოლია ჰქონდეს და ამას იყენებდეს ბოროტად,“ - აცხადებს ვახტანგ კობალაძე.

მომხმარებლები, როგორც წესი, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიმართავენ.

„ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, რომ „თამიროსთან“ დაკავშირებით სააგენტოში განაცხადი ამ დროისთვის არ შესულა.

„ამ ეტაპისთვის განაცხადი არ შემოსულა აღნიშნული კომპანიის მხრიდან მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მომართვის გარეშე სააგენტო მოკვლევას არ აწარმოებს. თუ მომხმარებლები ფიქრობენ, რომ დაირღვა მათი უფლებები, შეუძლიათ განაცხადით მოგვმართონ,“ - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში.

ინფორმაციისთვის, შპს „თამირო“ სამეწარმეო რეესტრში 2023 წელს არის რეგისტრირებული. ამონაწერის მიხედვით, კომპანიის წილებს სრულად ხათუნა მეხტიევა ფლობს, ის ასევე იკავებს დირექტორის პოზიციასაც.

„ბიზნესპრესნიუსმა“ „თამიროსთან“ დაკავშირება არაერთგზის სცადა, თუმცა, კომპანია ამ ეტაპზე კონტაქტზე არ გამოდის. პასუხის შემთხვევაში, მათ კომენტარს შემოგთავაზებთ.