1763719438
სოფლის მეურნეობის პროდუქცია წლიურად 11.3%-ით გაძვირდა - „საქსტატი“
2025 წლის მე-3 კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.4 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 24.2 პროცენტიანი კლებით, რამაც შესაბამისად, -6.1 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 11.3 პროცენტით.
„ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 9.3 პროცენტიანი მატებით, რაც 5.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 9.4 პროცენტით, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 23.2 პროცენტით გაიზარდა, რამაც შესაბამისად, 2.13 და 3.98 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში,“ - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას საბაზო პერიოდთან შედარებით. ინდექსი მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:
- ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები (ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, კარტოფილი და სხვ.);
- მრავალწლოვანი კულტურები (ყურძენი, ხილი, თხილი, კაკალი და სხვ.);
- ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თაფლი, რძე და სხვ.).
ინდექსის გაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების წყაროა სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევა. ინდექსის გაანგარიშებისათვის გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთეულების ღირებულება წარმოადგენს მითითებულ პერიოდში სასოფლო მეურნეობათა მიერ რეალიზებული მემცენარეობის ან/და მეცხოველეობის პროდუქციის ჯამური ღირებულებისა და რეალიზაციის ჯამური მოცულობის ფარდობას. აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საშუალო ღირებულებას ფერმის კართან.



