თბილისში ბინების გაყიდვები იზრდება - როგორ შეიცვალა ახალი და ძველი ბინების ფასი

თბილისი

2025 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4 054 ერთეული შეადგინა და წინა წლის სექტემბერთან შედარებით 14.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ უძრავი ქონების მიმოხილვაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, გასულ თვეში ბაზრის ზომა 25.1%-ით, 310 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. {შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები}

2025 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 5.6%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 30.9%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 13.6% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.6%-ით გაიზარდა.

2025 წლის სექტემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 17.1%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 16.6%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 17.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობამ 8.3%-ით მოიმატა ძველ პროექტებშიც,“ - ნათქვამია მიმოხილვაში.

რაც შეეხება ძველ ბინებს, კვლევის თანახმად, 2025 წლის სექტემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 10.6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 5.2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.