1733738781
ცვლილებები, რომელიც საქართველოში დეკემბრიდან ამოქმედდება
1-ელი დეკემბრიდან იცვლება ეროვნული პარკების სამუშაო საათები
1-ელი დეკემბრიდან, საქართველოს ეროვნულ პარკებში სამუშაო საათები იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად კი, 1-ელი დეკემბრიდან:
- პრომეთეს მღვიმეში, სათაფლიაში, ნავენახევის მღვიმესა და ოკაცეს კანიონში სამუშაო საათები 10-დან 17 საათამდე განისაზღვრა.
- რაც შეეხება მარტვილის კანიონს, აქ შესვლა 10-დან 19 საათამდე შეგეძლებათ, ხოლო ოკაცეს ჩანჩქერთან - 10-დან 18 საათამდე.
1-ელი დეკემბრიდან გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობა აიკრძალება
1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო ხდება.
ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალს, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით:
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები
- თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)
- მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)
- ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)
- ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)
- თბილისის შემოსავლელი - ზაჰესი-რუსთავი
- ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)
- ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები
- ბათუმი (ანგისა)-ახალციხე
- საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი
- ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი
- ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა
- ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი
- ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)
- ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური
- ალპანა-ცაგერი
- ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული
- ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი
- ახალქალაქის შემოსავლელი
- გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი
- ჭიათურა-ზესტაფონი
- ჟინვალი-ბარისახო-შატილი
- თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი
- თბილისი (გლდანი)-თიანეთი
- კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა
- მარნეული-თეთრიწყარო-წალკა
- თბილისი (პანტიანი)-მანგლისი
- ვაზიანი-გომბორი-თელავი
- თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი
- დაბა ბაკურიანის წრიული
- ჩოხატაური-ბახმარო
- ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთი
- საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალი
ძალაში შედის „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი
1-ელი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი. კანონის თანახმად განსაზღვრულია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია.
აღნიშნული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, 1-ელი დეკემბრიდან ძალაში შევა ასევე ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა ოდენობის ჯარიმებს, იმ შემთხვევაში თუ ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები დაირღვევა. ჯარიმის მოცულობა 800-დან 4 ათას ლარამდე მერყეობს.
ამავე კანონის თანახმად, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ საკანონმდებლო დონეზე დადგინდება და დასვენების დღედ გამოცხადდება.
გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა წლის ბოლოდან ორეტაპიანი გახდება
2024 წლის 31 დეკემბრიდან გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის გამოცდის ქუჩაში რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო ხდება. კერძოდ, საუბარია, „CE“, „DE“, C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებზე.
ცნობისთვის, ეს კატეგორიები მოიცავს შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს:
- CE - სატვირთო მისაბმელით;
- DE - სამგზავრო მისაბმელით;
- C1E - მსუბუქი სატვირთო მისაბმელით;
- D1E - სამგზავრო მისაბმელით.
დაიწყება განცხადების მიღება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვის მისაღებად
1-ელი დეკემბრიდან, იუსტიციის სახლებში ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვების მიზნით შესაბამისი განცხადებების მიღება დაიწყება.
სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ქვეყნის მასშტაბით მიიღონ ზემოაღნიშნული მომსახურება.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ხსენებული ნებართვები გაიცემა 3 წლის ვადით და მათი მიზანია ხელი შეეწყოს მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას, საავტომობილო სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის შექმნას, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის პროცესის განვითარებას.