„უაღრესად სახიფათო, საშიში პრეცედენტი იქმნება - ისედაც გარიყულ ადამიანებს კიდევ უფრო ვრიყავთ“

მეტადონის პროგრამა

ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა ქალაქგარეთ გადაინაცვლებს, - აღნიშნული ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააჟღერა.

„ვთხოვე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, უზრუნველყოს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებშია განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ექიმმა-ნარკოლოგმა, დავით ოთიაშვილმა ამ თემაზე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება საკმაოდ სახიფათო პრეცედენტს ქმნის.

„რაც შეეხება კლინიკების ქალაქგარეთ გატანას, ეს პროცესი ზოგ ქალაქში დაწყებულია და კვლავ გრძელდება. გამოდის, ჩვენ, ჯანმრთელ ადამიანებს დისკომფორტს გვიქმნის განსხვავებული ადამიანების ცქერა და არ გვინდა, რომ დაარღვიონ ჩვენი კომფორტი.. ისედაც გარიყულ ადამიანებს კიდევ უფრო ვრიყავთ და გაგვყავს სადღაც, იქ სადაც ჩვენი მზერა ვერ მისწვდება.

ძალიან სახიფათი პრეცედენტი იქმნება - იმიტომ რომ ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებით შეიძლება დავიწყოთ და სხვა დიაგნოზის მქონე ადამიანებით გავაგრძელოთ. ხვალ შეიძლება ვინმეს ონკოლოგიური პაციენტის, ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანის ყურება არ მოუნდეს და ა.შ. უაღრესად სახიფათო, საშიში პრეცედენტი იქმნება. გამოდის, ჩვენ ჯანმრთელი ადამიანები შევქმნით ჩვენთვის კომფორტულ გარემოს, ყველა განსხვავებული ქცევის ადამიანი კი იქნება სადღაც, სხვა მეორეხარისხოვან სამყაროში და არა ჩვენთან ერთად, რადგან არ შეგვექმნას დისკომფორტი,“ - განაცხადა ოთიაშვილმა.