უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან 10 თვეში ბიუჯეტი 1.859 მლნ ლარით შეივსო

კონტროლიორი

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 859 257 ლარი შევიდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, ანგარიშშია საუბარი.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 2 753 562 ლარის აკუმულირება მოხდა.

ხაზინის მონაცემების მიხედვით, წელს 10 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, აღნიშნულიდან წელს იანვარ-ოქტომბერში ბიუჯეტში 365 824 285 ლარი შევიდა, 2024 წლის იგივე პერიოდში 330 098 197 ლარი.

ცნობისთვის, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.