1758019349
ვინ არეკლამებს პოლიტიკაზე პოსტებს Meta-ს პლატფორმებზე — კვლევა

კვლევის თანახმად:
- პოლიტიკურმა პარტიებმა Meta-ს პლატფორმებზე ბოლო 5 წლის განმავლობაში განთავსებულ 33 875 რეკლამაში არანაკლებ 2.8 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, რომელთაგან „ქართული ოცნების“ დეკლარირებული პოლიტიკური რეკლამების რაოდენობა აღემატებოდა სხვა 32 პარტიის მიერ ჯამურად გამოქვეყნებული დეკლარირებული რეკლამების რიცხვს, ხოლო მათზე დახარჯული თანხის ოდენობა ყველა პოლიტიკური გაერთიანების დეკლარირებული სარეკლამო დანახარჯების თითქმის ნახევარს გაუტოლდა.
- მედიასაშუალებებს შორის Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო ხარჯები ძირითადად გასწიეს პროსახელისუფლებო მედიის გვერდებმა, რაც ჯამურად 660 ათას აშშ დოლარამდეა. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „პოს ტვ“ და „იმედი“, რომლებმაც ფეისბუკსა და ინსტაგრამზე 566 134 აშშ დოლარის ღირებულების 24 347 რეკლამა გამოაქვეყნეს.
- ცენტრალური მთავრობის, საჯარო უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების გვერდებზე ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ მცირე 852 619 აშშ დოლარის 17 266 რეკლამა განთავსდა. მათ შორის ყველაზე აქტიურად პოლიტიკური რეკლამები მთავრობის ადმინისტრაციის გვერდებზე გამოქვეყნდა, რომელთა 3 710 რეკლამის ჯამურმა ღირებულებამ 292 ათასამდე აშშ დოლარი შეადგინა.
„სამართლიანი არჩევნების“ კვლევის მიხედვით, არჩევნებთან, პოლიტიკასთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული რეკლამების 35% [რაოდენობრივად] ქვემოთ მოცემულ 20 ფეისბუკგვერდზე განთავსდა.
ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამის განმთავსებელი გვერდები (2020-2025). წყარო: ISFED
Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე 5 წლის განმავლობაში განთავსებული სოციალური და პოლიტიკური რეკლამებისთვის დახარჯული თანხის 54% ქვემოთ მოცემულ 20 გვერდზე მოდიოდა. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა „ქართული ოცნების“ ოფიციალური ფეისბუქგვერდის რეკლამებისთვის დაიხარჯა და ორჯერ გადააჭარბა რიგით მეორე ყველაზე დიდი სარეკლამო დანახარჯის მქონე გვერდის რეკლამების ღირებულებას. ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების ძირითად ოფიციალურ გვერდებს შორის, ბოლო 5 წლის განმავლობაში, სარეკლამო დანახარჯებით „ძლიერი საქართველოს“ („ლელო საქართველოსთვის“), „ევროპული საქართველოს“, „ახალის“ („კოალიცია ცვლილებისთვის“), „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გირჩის“ ფეისბუქგვერდები გამოირჩეოდა.
პოლიტიკოსებს შორის კი ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამებზე ყველაზე მეტი თანხა ნიკა მელიას, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის, შალვა პაპუაშვილის, გიორგი გახარიასა და ბადრი ჯაფარიძის გვერდებზე დაიხარჯა.
ყველაზე მსხვილი სარეკლამო დანახარჯის მქონე გვერდები Meta-ს პლატფორმებზე (2020-2025). წყარო: ISFED
პოლიტიკური პარტიების ოფიციალურად დეკლარირებული სარეკლამო დანახარჯები Meta-ს პლატფორმებზე (2020-2025). წყარო: ISFED
Meta-ს პლატფორმებზე სარეკლამო ხარჯები მედიასაშუალებებს შორის ძირითადად გასწიეს პროსახელისუფლებო მედიის გვერდებმა, რაც ჯამურად 660 ათას აშშ დოლარამდეა.
მედიასაშუალებები ყველაზე მეტი სარეკლამო დანახარჯით Meta-ს პლატფორმებზე (2020-2025). წყარო: ISFED
ISFED ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად გამჭვირვალობის წესების ამოქმედებისა, ანონიმური გვერდების ქსელები კვლავ ფართოდ გამოიყენებოდა ოპოზიციის დისკრედიტაციისა და მმართველი პარტიის სასარგებლო კამპანიებისთვის, რასაც ხშირად ანტიდასავლური გზავნილების გავრცელება ახლდა თან.
სარეკლამო დანახარჯებით ლიდერი ანონიმური გვერდები. წყარო: ISFED
5 წლის განმავლობაში Meta-ს პლატფორმებზე საქართველოს აუდიტორიისთვის 6.8 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების 172 577 რეკლამა გამოქვეყნდა. რეკლამების საშუალო წლიური რაოდენობით 204 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საქართველომ მე-40 ადგილი დაიკავა და გაუსწრო ყველა ქვეყანას, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც საქართველოს მსგავსია.