1770618436
„ვკარგავთ ბაზალეთს, როგორც საკურორტო ზონას - ბევრი ჭაობი, რომელიც ფილტრი იყო მტკნარი წყლის, გავაქრეთ“ - ნინო ჩხობაძე
საქართველო, მსოფლიოს ანალოგიურად ჭაობების და ტბების გაქრობის საფრთხის წინაშეა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, წლების განმავლობაში ქვეყანაში გავაქრეთ ბევრი ჭაობი, რომელიც მტკნარი წყლის ფილტრი იყო.
მსოფლიოს დაჭაობებული ადგილების შესახებ რამსარის კონვენციის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 1970 წლიდან მოყოლებული გლობალური ჭაობების, მინიმუმ, 22% არის დაკარგული.
დანაკარგის ძირითადი მიზეზები სოფლის მეურნეობის გაფართოება, უკონტროლო ურბანიზაცია, სამრეწველო საქმიანობა, კაშხლების, გზების მშენებლობა და კლიმატის ცვლილებაა. ანგარიშის თანახმად, წელიწადში ჭაობები, საშუალოდ, 0.52%-ით იკარგება. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 2050 წლისთვის შესაძლოა, მსოფლიო ჭაობების კიდევ 20% გაქრეს.
ჭაობების გაქრობის საფრთხის წინაშეა საქართველოც. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, ჭაობის მნიშვნელობასა და სარგებელზე საქართველოში ბევრმა არ იცის. არადა, მისი თქმით, სწორედ კოლხეთის ჭაობების დამსახურებაა ის, რომ შავ ზღვაში, მხოლოდ საქართველოს სანაპიროზე მოიპოვება თევზი.
„საქართველოში ბევრმა არ იცის ჭაობის მნიშვნელობა და სარგებელი, არადა, მაგალითად, კოლხეთის ჭაობები გარანტიას აძლევენ შავ ზღვას, რომ ის იყოს სუფთა, ამიტომ შედეგი გვაქვს ძალიან საინტერესო - კოლხეთის ჭაობების სისტემა იცავს და აჯანსაღებს შავ ზღვას, მხოლოდ საქართველოს სანაპიროზე მოიპოვება თევზი. ამიტომ შემოდის თურქეთის, უკრაინის გემები ჩვენთან. ის გარკვეული ფილტრია - ის ინარჩუნებს ტბას, წყალს, აძლევს საშუალებას ეკოსისტემას ამოქმედებისთვის.
მეორე მომენტია მტკნარი წყლის ჩამოყალიბებისთვის და ყველაზე საინტერესო ამ სიტუაციაში არის ისიც, რომ როცა ჭაობი ტბის მაგივრად ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემა აქვს ეკოსისტემას. მაგალითად, რომ მოვიყვანოთ ბაზალეთის დაჭაობება და გამწვანება არის სერიოზულზე სერიოზული სიგნალი იმისა, რომ ჩვენ მტკნარ წყალს ვკარგავთ, ანუ ვკარგავთ ბაზალეთს, როგორც საკურორტო ზონას. საკმაოდ დიდი პროცენტის მაღალმთიანი ჭაობებისთვის ეს დამახასიათებელი.
კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ჭაობებს ახასიათებს, ეს არის გადამფრენი ფრინველები ანუ ზუსტად ჩვენს ჭაობებზე გადის ევროპული გადამფრენი ფრინველების მიგრაციული გზა და ის ფრინველები, რომლებიც ჩამოდიან და ბინადრობენ, მათთვის ეს არის ბიომასა, რომელიც მათ სჭირდებათ“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ჭაობების ხელოვნური დაშრობაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნიდან დაიწყო.
„რა დავაშავეთ ჩვენ ჭაობებთან მიმართებაში? ყველაზე მეტი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ და მე-20 საუკუნეში დასავლეთ საქართველოში დავიწყეთ ჭაობების დაშრობა და ჩაის პლანტაციების გაშენება. გავაშენეთ პლანტაციები, მერე ვეღარ გავაგრძელეთ ჭაობების დაშრობა, დაიწყო მიწამ ლპობა, რომელმაც აღარ მოგვცა ეკონომიკურად არანაირი შედეგი და გახმა ჩაის პლანტაციები. უმძიმესი სიტუაცია ჩამოყალიბდა - დამშრალმა ჭაობებმა სერიოზული პრობლემები შექმნა, იგივე პალიასტომთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი ჭაობი, რომელიც ფილტრი იყო მტკნარი წყლის, გავაქრეთ.
ტერიტორიის ჭაობად ჩამოყალიბებას სჭირდება 300 წელი, ხოლო დაშრობას - მაქსიმუმ 5 წელი და დღეს მთელ ევროპაში და არამარტო, მიდის ტენდენცია, რომ როგორმე ხელოვნურად აღადგინონ ის ჭაობები, რომლებიც იყო. სამწუხაროდ, ჩვენ აქამდე ვერ მივდივართ“ - განაცხადა მან.
ნინო ჩხობაძემ ხაზი გაუსვა კოლხეთის ჭაობების უნიკალურობას და აღნიშნა, რომ კოლხეთი ეროვნული პარკი თავის დროზე სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ კოლხეთის ჭაობი იყოს დაცული.
„ცენტრალურ ევროპაში, რუსეთის ევროპულ ნაწილს ვგულისხმობ, არის ბუნებრივი ჭაობები, ტორფები, ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალის მატარებელი. ჩვენ ასეთი ჭაობები არ გვაქვს, მაგრამ კოლხეთის ჭაობები განსხვავებულია, იმიტომ, რომ გვხვდება მხოლოდ კოლხეთის დაბლობზე და კანადაში, ეს არის ის ჭაობები, რომლებიც პირველი გამყინვარების მერე დარჩა ანუ იმდენად უნიკალურია, რომ ის შთანთქავს დაბინძურებულ ჰაერს და აწარმოებს სუფთა ჰაერს. ანუ, ჩვენი ჭაობი უნიკალურია არამარტო წყალის სისუფთავესთან მიმართებაში, არამედ ჰაერის სისუფთავესთან მიმართებითაც. ასე რომ, მნიშვნელობა ჭარბტენიანი ტერიტორიის არის ძალიან დიდი. ჩვენ ვართ რამსარის კონვენციის მხარე, რომელიც იცავს ჭარბტენიან ტერიტორიებს და რამსარის კონვენცია, რომელიც არის უმკაცრესი და რომელიც ითხოვს ამის დაცვას და კოლხეთის ეროვნული პარკი სწორედ ამისთვის შეიქმნა, რომ დავიცვათ კოლხეთის ჭაობი“, - განაცხადა ჩხობაძემ.
მისი თქმით, დღესდღეობით მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ აღარ მოხდეს ჭაობების დაშრობა, არამედ პირქით, მაქსიმალურად მოხდეს არსებულის შენარჩუნება.
„ჩვენ ტბებსაც ვკარგავთ, იმიტომ, რომ იქ მიდის დაჭაობება, რაც მაინცდამაინც კარგი არ არის და ბუნებრივი ტბების დაცვა არის აუცილებელი“, - განაცხადა მან.



