1763719438
„ყველაზე უფროსი 69 წლისაა“ - რამდენი ქალი მძღოლი ჰყავს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 51 ქალი მძღოლია დასაქმებული. ამის შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან“ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
აღსანიშნავია, რომ 5-წლიან ჭრილში, მუნიციპალურ ავტობუსებზე ქალი მძღოლების რაოდენობა 26-ით გაიზარდა, 2021 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლად 25 ქალი მუშაობდა.
ასევე, სტატისტიკა მოწმობს, რომ ყველაზე აქტიურად ავტობუსებზე მძღოლებად ქალები 2022-2023 წლებში საქმდებოდნენ.
თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე დასაქმებულ ქალთა რაოდენობა ბოლო 5 წლის მონაცემებით ასე გამოიყურებოდა:
- 2021 წელი - 25 ქალი;
- 2022 წელი - 27 ქალი;
- 2023 წელი - 42 ქალი;
- 2024 წელი - 50 ქალი;
- 2025 წელი - 51 ქალი.
დასაქმებული ქალი მძღოლებიდან ყველაზე მცირე ასაკის 29 წლისაა, ყველაზე დიდი ასაკის კი 69 წლის.
აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ, 2017-2019 წლებში ხორციელდებოდა „გენდერული საკონსულტაციო პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა და დასაქმდა 25 ქალი ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე. გარდა ამისა, 2023 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროგრამით „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო, დამატებით 25-მა ქალმა გაიარა ავტობუსის მართვის კურსი.
„ამ ეტაპზე დასრულებულია ზემოთ აღნიშნული პროგრამები, თუმცა კომპანია განაგრძობს ავტობუსის მძღოლად დასაქმების მსურველი ქალების დასაქმებას, შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორიის და გამოცდილების შემთხვევაში“, - ნათქვამია წერილში.



