ივანიშვილსა და Credit Suisse Life- ს შორის დავა ლონდონში გაგრძელდება - რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლო

მსოფლიო 1747994683
Credit Suisse Life

ლონდონის სასამართლო ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse Life-ს შორის 607-მლნ დოლარის ანაზღაურების საქმეზე დავას 16-19 ივნისს განიხილავს.

ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტის (The Judicial Committee of the Privy Council-JCPC ) ვებგვერდზე ვრცელდება, რომელიც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმაღლესი სასამართლოა.

მხარეებს შორის მომჩივნად ბერმუდის შპს Credit Suisse Life, ხოლო მოპასუხეებად დასახელებულია ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე, ცოტნე ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, Meadowsweet Assets Ltd და Sandcay Investments Ltd.

საქმის ფაქტების შესახებ წერია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილმა 1980-90-იან წლებში დაარსებული ბიზნესსაქმიანობის შედეგად შეიძინა და მოგვიანებით გაყიდა მეტალურგიული კომპლექსისა და საცალო ბანკის 2 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების წილები.

“იმის მიუხედავად, რომ ადრე საკუთარ ფულს თავად მართავდა, ბატონი ივანიშვილი Credit Suisse-ის შეთავაზებაზე დათანხმდა მისი უზარმაზარი სიმდიდრის მართვის შესახებ. 2006 წლიდან Credit Suisse-თან ბატონი ივანიშვილის ურთიერთობის მენეჯერი იყო ბატონი პატრის ლესკოდრონი. ბატონმა ივანიშვილმა თავდაპირველად ზემოაღნიშნული გაყიდვებიდან მიღებული, დაახლოებით, 1.1 მლრდ დოლარის მოგება Credit Suisse-ის ანგარიშებზე გადარიცხა. იმისათვის, რომ სიცოცხლის დაზღვევის ოფშორული პოლისის სხვადასხვა ფინანსური და პრაქტიკული უპირატესობებით ესარგებლა, მან ამ თანხის უმეტესი ნაწილი Credit Suisse-ის შვილობილი კომპანია Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სიცოცხლის დაზღვევის ორი საერთაშორისო პოლისით გაატარა. ამ პოლისებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია Meadowsweet Assets Limited და ბაჰამის კუნძულებზე დაფუძნებული Sandcay LPI Policy მართავდა, რომელთაგან ორივეს საბოლოოდ Credit Suisse აკონტროლებდა ან ფლობდა.

2015 წელს აღმოჩნდა, რომ პატრის ლესკოდრონი ბატონ ივანიშვილის ინვესტიციებთან დაკავშირებით თაღლითობას ახორციელებდა, რისთვისაც მოგვიანებით შვეიცარიაში გაასამართლეს. ბატონმა ივანიშვილმა, ოჯახის წევრებთან და Meadowsweet-თან და Sandcay-სთან ერთად, ამ თაღლითობით გამოწვეული ზარალის გამო CS Life-ს უჩივლა. ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ ბატონი ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მისთვის ზიანის ანაზღაურება დაადგინა. ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლომ უარყო CS Life-ის სააპელაციო საჩივარი, თუმცა გააუქმა უზენაესი სასამართლოს დასკვნა თაღლითურ დეზინფორმაციის ბრალდებებთან დაკავშირებით. CS Life სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს,”- წერს JCPC.

საქმის მოსამართლეებად დასახელებულია ლორდ ჰოჯი (პატრიკ სტიუარტ ჰოჯი), ლორდ ბრიგსი (მაიკლ თაუნლი ფეზერსტოუნ-ბრიგსი), ლორდ ლეგატი (ჯორჯ ენდრიუ მიდსომერ-ლეგატი), ლორდ რიჩარდსი (სერ დევიდ ენტონი სტიუარტ-რიჩარდსი) და ლედი სიმლერი (ინგრიდ ენ-სიმლერი).

ცნობისთვის: გასულ წელს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის ბანკის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 743 მლნ დოლარის გადახდა სასამართლოში გაასაჩივრა. ბანკის ადვოკატები კომპენსაციის ოდენობის შემდგომ შემცირებას ითხოვენ. ივანიშვილმა Credit Suisse-ს 926 მლნ დოლარის ზარალის ასანაზღაურებლად 2023 წლის მაისში უჩივლა, თუმცა თანხა იმავე წლის სექტემბერში ბიზნესმენის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდების გათვალისწინებით შემცირდა.

ამასთან, 2023 წლის 19 მარტს UBS-მა და Credit Suisse-მა შერწყმაზე გარიგება გამოაცხადეს, რომლის დროსაც Credit Suisse 3.2 მლრდ დოლარად შეფასდა, ხოლო 12 ივნისს UBS-მა გარიგება დაასრულა.