„ადგილები სრულად შევსებულია, ჯავშნების მიღება 1 კვირის წინ დავასრულეთ“ - კვების ობიექტები ნაკრების თამაშზე

ფეხბურთი კაფე-ბარებში

„საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის ადგილები სრულად შევსებულია, ჯავშნების მიღება 1 კვირის წინ დავასრულეთ,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რამდენიმე კვების ობიექტში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 7 სექტემბერს 20:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველო-ჩეხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების თამაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ თამაშის ბილეთის შეძენა ბევრმა გულშემატკივარმა ვერ შეძლო. ფეხბურთის ნაკრების თამაშზე ინტერესი კი, განსაკუთრებით EURO 2024-ს შემდეგ, ძალიან მაღალია.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, არის თუ არა თავისუფალი ადგილები ამა თუ იმ ობიექტებში თამაშისთვის.

როგორც HB-ში განგვიცხადეს, ჯავშნების მიღება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაასრულეს.

„ადგილები სრულად შევსებულია, შესაბამისად ჯავშნების მიღება დასრულებული გვაქვს“ - განაცხადეს HB-ში.

„ორ ტონაში“ გვითხრეს, რომ ხვალინდელ მატჩზე დასასწრები ორი ადგილი გამოუთავისუფლდათ, „თუმცა სავარაუდოდ, ხვალამდე ეს ადგილები შეივსება“.

HB-ის მსგავსად, დიდი ხნის წინ შეწყდა ჯავშნების მიღება „ბერნარდშიც“, სადაც განგვიცხადეს, რომ თუკი ვინმე ხვალ დღის განმავლობაში იტყვის უარს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ახალი მსურველის მიღებას.

შეგახსენებთ, იმასაც რომ გულშემატკივარი მატჩის ყურებას რესპუბლიკის მოედანზე დიდ ეკრანზეც შეძლებს, სადაც კვების ობიექტებიც განთავსდება.