1735378680
აფხაზეთიდან მანდარინის ექსპორტი 11 ათასი ტონით გაიზარდა
ოქტომბერში ციტრუსის სეზონის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 32,234 ტონა მანდარინი გავიდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდზე 11 ათასი ტონით, ხოლო მთლიან 2023 წელთან შედარებით, 8 ათასი ტონით მეტია.
ამის შესახებ TASS-ს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ასიდა კვიცინიამ განუცხადა.
შარშან იმავე პერიოდში სულ 20,531 ტონა, ხოლო მთლიან წელს 24,519 ტონა მანდარინი იქნა ექსპორტირებული.
რუსეთის სამხრეთ საბაჟო სამმართველოს მონაცემებით, ამჟამად ციტრუსის ექსპორტის პიკია და აფხაზეთიდან რუსეთში დღეში ათას ტონამდე მანდარინი შედის, ხოლო საბაჟო კონტროლს, საშუალოდ, 200-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი გადის.
კრასნოდარის მხარის საბაჟო სამსახურის პრესმდივან მარინა ჟუპანოვას ცნობით, აფხაზეთიდან “ტონობით სურნელოვანი ტვირთი” სოჭში, კრასნოდარში, დონის როსტოვში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში იგზავნება.“
მანდარინის გარდა, რუსეთში ექსპორტირებულია 130 ტონა ფორთოხალი, 270 ტონა ლიმონი და 800 ტონა ფეიხოა.
აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის პროგნოზი 37 ათასი ტონა მანდარინის მოსავალს შეადგენს. როგორც წესი, თითქმის, მთელი მოსავალი რუსეთში გადის. ექსპორტი მარტამდე გრძელდება, პიკი კი დეკემბერში, წინასაახალწლო დღეებშია.
ცნობისთვის: საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში 11 ათას ჰექტარზე 120 ათას ტონამდე ციტრუსი მოდიოდა, ამჟამად კი მხოლოდ 2,900 ჰექტრამდე ფართობი არის გაშენებული, საიდანაც საუკეთესო მოსავლიანობის წლებში, მაქსიმუმ, 50-52 ათასი ტონა მოსავალი მოდის.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი მანდარინის იმპორტს, ასევე, თურქეთიდან, მაროკოდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ეწევა, ხოლო აფხაზური მანდარინი მთლიანი ბაზრის მოცულობის 3-7%-ს შეადგენს, რაც წელიწადში 20-60 ათასი ტონაა.
ზოგადად, რუსეთში საახალწლოდ მანდარინის მკვეთრ, ანუ 20-30%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ. მოსავლის შემცირების მიზეზებს შორის თურქეთში უამინდობას, ხოლო ესპანეთში წყალდიდობას, ასევე, მაროკოდან მანდარინის მიწოდების ლოგისტიკასა და გადახდებში სირთულეებს ასახელებენ. ნოემბერში მანდარინზე საშუალო საბითუმო ფასი კილოგრამზე 92 რუბლამდე (0.87 დოლარამდე) გაიზარდა, საახალწლოდ კი, დაახლოებით, 300 რუბლამდე (2,9 დოლარამდე) ზრდას მოელიან. საბითუმო ფასი მწარმოებლის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში მიმწოდებლისგან შესყიდვა უკვე, დაახლოებით, 250 რუბლი (2,5 დოლარი) ღირს, ხოლო მყიდველს შესაძლოა, დაახლოებით, 400 რუბლი (4 დოლარამდე) დაუჯდეს.