1735979488
რომელია 2024 წლის ყველაზე დიდი ბიზნესგარიგებები - Forbes-ის რეიტინგი
წელს შერწყმა-შთანთქმის (Mergers and acquisitions-M&A) გლობალური აქტივობის საერთო დონე 3.5 ტრლნ დოლარს მიაღწევს, რაც, გასული წლის 3.2 მლრდ დოლართან შედარებით, ზომიერი, 15%-იანი ზრდაა.
ამის შესახებ Dealogic-ის ბოლო ანგარიშში, Bain & Company-ში წერია, რასაც Forbes ავრცელებს.
თუმცა ხანგრძლივი მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და გამკაცრებული მარეგულირებელი გარემოს შედეგად M&A-ს წლევანდელი გარიგებების ჯამური ოდენობა კვლავ შორსაა 2021 წლის პიკური მაჩვენებლისგან, რამაც 6.1 ტლნ დოლარი შეადგინა.
2024 წლის ყველაზე დიდი გარიგება მაისში, ExxonMobil-ის მიერ Pioneer Natural Resources-ის 64.5 მლრდ დოლარად შეძენა იყო, რამაც ტეხასის პერმის აუზში ნავთობისა და გაზის გიგანტის ყოფნა გააორმაგა.
სიდიდით მეორე გარიგება Mars-ის მიერ 35.9 მლრდ დოლარად Kellanova-ს შეძენაა, რითაც სნეკების ბაზარზე გიგანტი შეიქმნა.
მესამე უმსხვილესი გარიგება Capital One-ის მიერ 35.3 მლრდ დოლარად Discovery Financial-ის შესყიდვის შეთავაზებაა, რაც აშშ-ის სამომხმარებლო ბანკინგის ინდუსტრიას შეარყევს, თუმცა პოლიტიკურ ზეწოლას აწყდება და ჯერ არ დახურულა.
2024 წელს გამოცხადებული ან დასრულებული 10 უმსხვილესი გარიგებიდან ორი კერძო საინვესტიციო კომპანიას უკავშირდება, ხოლო დანარჩენი რვა კორპორაციებს შორის გაფორმდა.
აშშ-ის ანტიმონოპოლიურმა ორგანოებმა Albertson-ის მიერ 25 მლრდ დოლარად კომპანია Kroger-ის შთანთქმა დაბლოკეს, რაც წელს მეხუთე ყველაზე დიდი გარიგება იქნებოდა.
2024 წელს დასრულებული ან ოფიციალურად გამოცხადებული M&A-ს 10 ყველაზე დიდი გარიგებაა:
- ExxonMobil-ის მიერ Pioneer Natural Resources - 64.5 მლრდ დოლარი
- Mars-ის მიერ Kellanova - 35.9 მილიარდი დოლარი
- Capital One-ის მიერ Discovery Financial - 35.3 მლრდ დოლარი
- Synopsys-ის მიერ Ansys - 35 მლრდ დოლარი
- Silver Lake-ის მიერ Endeavor - 25 მლრდ დოლარი
- Verizon-ის მიერ Frontier Communications - 19.6 მლრდ დოლარი
- Home Depot-ის მიერ SRS Distribution - 18.25 მლრდ დოლარი
- Novo Holdings-ის მიერ Catalent -16.5 მლრდ დოლარი
- Truist Financial Corp-ის მიერ Trust Insurance Holdings - 15.5 მლრდ დოლარი
- Hewlett Packard Enterprise-ის მიერ Juniper Networks - 14 მლრდ დოლარი
არსებული პროგნოზით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ანტიმონოპოლიური კონტროლი შემსუბუქდება. ასევე, საპროცენტო განაკვეთების დამატებითმა შემცირებამ შესაძლოა, ახალ მსხვილ გარიგებებს ხელი შეუწყოს. ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკი 2025 წელს, სექტემბერში პროგნოზირებულ ოთხ შემცირებასთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთის მხოლოდ ორ შემცირებას გეგმავს. ამდენად, დაბალმა განაკვეთებმა, ანტიმონოპოლიურის სუსტმა კონტროლმა და ტრამპის მიერ გადასახადების 2017 წლის მსგავსი შემცირების მოსალოდნელმა განახლებამ 2025 წლისთვის გარიგებების ოდენობა შესაძლოა, 4 ტრლნ დოლარამდე გაზარდოს.
2025 წელს M&A-ს დამკვირვებლები ისეთ ტრანზაქციებს მოელიან, როგორიც არის Alphabet-ის შეთავაზება CRM-პროვაიდერ HubSpot-ის ან კიბერუსაფრთხოების კომპანია Wiz-ის შეძენაზე, ასევე, ნახევარგამტარების მწარმოებელ Qualcomm-ის მიერ ჩიპების მწარმოებელ Intel-ის შესყიდვა და ლეიბების მიმწოდებელ Tempur Sealy-ის 4 მლრდ დოლარის შეჩერებული წინადადება კონკურენტ Mattress Firm-ის შესყიდვაზე. ამასთან, განხილვის პროცესშია კიდევ ერთი მეგაგარიგება, რომელიც 7-Eleven-ის მიერ 60 მლრდ დოლარად ოპერატორ Seven & i-ის შესყიდვას ეხება და რაც შესაძლოა, 2025 წლის რეიტინგის სათავეში მოხვდეს.
bpn.ge