ტრამპი ცენტრალური აზიის ლიდერებს შეხვდა

მსოფლიო 1762599540
შეხვედრა

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

6 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის ლიდერს შეხვდა.

ტრამპი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს თეთრ სახლში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები „დიფ სთეითის“ წარმომადგენლად მოიხსენებენ.

როგორც Reuters წერს, შეხვედრის მთავარი მიზანი ამერიკის გავლენების გაფართოების მცდელობაა რესურსებით მდიდარ რეგიონში, რომელსაც დიდი ხანია რუსეთი დომინირებს და ჩინეთი სულ უფრო მეტად იზიდავს.

მედიის ინფორმაციით, ტრამპმა ცენტრალური აზია „უკიდურესად მდიდარ რეგიონად“ მოიხსენია და თქვა, რომ მას სურს ხუთ ქვეყანასთან ამერიკის პარტნიორობა გააძლიეროს.

„ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კრიტიკული მინერალებია… ბოლო კვირების განმავლობაში ჩემმა ადმინისტრაციამ გააძლიერა ამერიკის ეკონომიკური უსაფრთხოება მსოფლიოს მოკავშირეებთან და მეგობრებთან შეთანხმებების მიღწევით, რათა გააფართოოს ჩვენი კრიტიკული მინერალური მიწოდების ჯაჭვები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებები გაიმართა ცენტრალური აზიის მინერალებზე, რომელიც მოიცავს ურანს, სპილენძს, ოქროს და იშვიათ მიწათა ლითონებს, ვინაიდან კონკურენციის გამწვავების ფონზე, დასავლეთის ქვეყნები მოსკოვისა და პეკინისგან მოშორებით მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციას ცდილობენ.

როგორც მედია იუწყება, აშშ ცდილობს ახალი პარტნიორობის დამყარებას, რათა უზრუნველყოს კრიტიკული მინერალები, ენერგია და სახმელეთო სავაჭრო გზები, რომლებიც მის გეოპოლიტიკურ კონკურენტებს გვერდს უვლიან.

Reuters-ის ცნობით, ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, შეხვედრას „შეერთებულ შტატებსა და ცენტრალურ აზიას შორის ურთიერთობის ახალი ეპოქის დასაწყისი“ უწოდა.

ყაზახეთი ასევე შეუერთდა აბრაამის შეთანხმებებს. აბრაამის შეთანხმება არის ისტორიული შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.

მედიის ცნობით, უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკატ მირზიიოევმა, ტრამპს „მსოფლიოს პრეზიდენტი“ უწოდა და შესთავაზა ცენტრალურ აზიაში მუდმივი სამდივნოს შექმნა.

ტრამპმა თავის სოციალურ ქსელშიTruth Social-ში გამოაცხადა, რომ უზბეკეთი გეგმავს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 100 მილიარდ დოლარზე მეტის შეძენას და ინვესტირებას აშშ-ს ძირითად სექტორებში, მათ შორის კრიტიკულ მინერალებში, საავტომობილო ნაწილებსა და ავიაციაში.

C5+1 პლატფორმა აერთიანებს შეერთებულ შტატებს და ცენტრალური აზიის ხუთ სახელმწიფოს ეკონომიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

მედიის ცნობით, აშშ-სა და C5-ის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ასევე მოეთხოვებოდათ კრიტიკული მინერალების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა.

გამოცხადებულ ბიზნეს გარიგებებს შორის იყო Boeing-ის (BA.N) შეთანხმება, რომელიც ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ავიაკომპანიებისთვის ჯამში 37 თვითმფრინავის გაყიდვის ახალ ეტაპს ხსნის, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.ასევე, ამერიკული კომპანია Cove Capital ყაზახეთში მთავრობის მიერ მხარდაჭერილი დაფინანსებით ვოლფრამს მოიპოვებს.

ცენტრალური აზიის ამ ხუთ ქვეყანაში ურანის, სპილენძის, ოქროს, იშვიათმიწა ლითონებისა და სხვა სტრატეგიული მინერალების უზარმაზარი საბადოებია, რომლებიც აუცილებელია ენერგიის უფრო მწვანე ფორმებზე გადასვლის გლობალური ძალისხმევისთვის.

ურანის წარმოების ნახევარზე ოდნავ მეტი ყაზახეთსა და უზბეკეთზე მოდის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს აშშ-ს ბირთვული ენერგიისთვის, რომელიც აშშ-ს ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა.

რუსეთი აშშ-ში იმპორტირებული ურანის დაახლოებით 20%-ს ამარაგებს, რაც ამერიკისთვის დივერსიფიკაციას სულ უფრო აქტუალურს ხდის.

მედიის ცნობით, ტრამპის მმართველობის დროს აშშ-მ მრავალმხრივი სტრატეგია განახორციელა კრიტიკული მინერალების უზრუნველსაყოფად და ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რომელიც დომინირებს სტრატეგიული ლითონების, მათ შორის ურანის, იშვიათ მიწათა ლითონების, სპილენძისა და ტიტანის, გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში. ჩინეთმა, ზოგ შემთხვევაში, თავისი დომინირება ექსპორტის შეზღუდვით გამოიყენა.