„წლიურად 120-150 ტონამდე ქათმის ფეხებსა და კისერს ვაწარმოებთ - ალბათ, მოხდება ერთ ადგილას შეგროვება და ჩინეთში გატანა“ - ასოციაცია

„როგორც ჩინეთიდან აქ შემოდის მხოლოდ ქათმის ფილე, ალბათ, ჩვენგან ჩინეთში გავა ფეხები, კისერი და ქათმის სხვა ნაწილები, რომელიც ჩვენთან ყველაზე დაბალ ფასად იყიდება“, - ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „ბ

„როგორც ჩინეთიდან აქ შემოდის მხოლოდ ქათმის ფილე, ალბათ, ჩვენგან ჩინეთში გავა ფეხები, კისერი და ქათმის სხვა ნაწილები, რომელიც ჩვენთან ყველაზე დაბალ ფასად იყიდება“, - ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ჩინეთში ქათმის ხორცის ექსპორტი განახორციელოს.

ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ქართველი ფერმერებისთვის კარგი იქნება, თუ იმ ნაწილებს, რაც საქართველოში ყველაზე იაფია და არც მოთხოვნაა, ჩინეთში კარგ ფასად გაყიდვის შესაძლებლობა გამოუჩნდება.

„ჩინეთი არის საქართველოში ქათმის ხორცის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი. ქათმის ფილე რაც შემოდის, უდიდესი ნაწილი ჩინურია. 18 ათასი ტონაა შემოსულია მარტო ამ წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით საუბარი იქნება არა ქათმის ხორცზე, არამედ ქათმის ნაწილებზე. როგორც ჩინეთიდან აქ შემოდის მხოლოდ ქათმის ფილე და სხვა არაფერი, ალბათ, ჩვენგან ჩინეთში გავა ფეხები, კისერი და ქათმის სხვა ნაწილები, რომელიც ჩვენთვის, მაინც და მაინც, სახარბიელო არაა. საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად იყიდება ეს ნაწილები, შესაბამისად, ქართველი ფერმერებისთვის კარგი იქნება, თუ იმ ნაწილებს, რაც აქ ყველაზე იაფია და კარგად არ იყიდება, გამოუჩნდება პერსპექტივა, რომ კარგ ფასად ჩინეთში გაყიდონ“, - აღნიშნავს უჩუმბეგაშვილი.

ამასთანავე, ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქათმის ფეხებსა და კისერს მთიანი ქათმის წონის დაახლოებით 6-7% უკავია, აქედან გამომდინარე, რაოდენობა მცირე იქნება. ამ ფონზე უჩუმბეგაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, საექსპორტო პროდუქცია ერთ ადგილას შეგროვდეს და რომელიმე ექსპორტიორის მიერ ჩინეთში გატანა განხორციელდეს.

„ქათმის ფეხები და კისერი სულ არის ქათმის მთლიანი ტან-ფეხის წონის დაახლოებით 6-7%. საკმაოდ მცირე რაოდენობა ფერმებისთვის, ალბათ, მოხდება ერთ ადგილას შეგროვება, გახდება ვინმე ექსპორტიორი ვინც გაიტანს. რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ის რაც იაფია სწრაფად, გარანტირებულად და ძვირად გაიყიდება“, - დასძინა მან.

კითხვაზე, რა მოცულობის ქათმის ფეხებსა და კისერს აწარმოებს საქართველო მთელი წლის განმავლობაში, უჩუმბეგაშვილი პასუხობს, რომ დაახლოებით 120-150 ტონას.

„დაახლოებით წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებს 24-25 ათას ტონა ქათმის ხორცს. დაახლოებით 120-150 ტონამდე გამოვა ფეხები და კისერი წლიურად. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივადაც მოვიხმართ პროდუქტს, ალბათ, სრულად ჩინეთში არ გავა. სამომავლო პერსპექტივისთვის თუნდაც ერთი დასახლების პროდუქციით ამხელა ბაზარზე შესვლა ცუდი არ არის“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.