ბელარუსისა და ყაზახეთის აკრძალვით რუსეთმა ევროპული ვაშლის რეექსპორტის შესაძლებლობა დაკარგა

ვაშლი

ბელარუსმა ვაშლის ექსპორტი აკრძალა, რის შედეგადაც ევროკავშირიდან რუსეთში ნახევრადლეგალური რეექსპორტი დაიბლოკა. ინფორმაციას EastFruit ავრცელებს.

მანამდე, თითქმის, ანალოგიური გადაწყვეტილება ყაზახეთმა მიიღო, რომელმაც ქვეყანაში ვაშლის იმპორტი აკრძალა და ამით ევროპული ვაშლის ჩრდილოვან მიწოდებაზე რუსეთის წვდომა დაბლოკა.

ბელარუსში ექსპორტის აკრძალვას, ვაშლის გარდა, ხახვი და კომბოსტოც ექვემდებარება. ექსპორტის ამ აკრძალვით რუსეთის ბაზარზე ევროკავშირის ქვეყნებიდან, კერძოდ, პოლონეთიდან ხელმისაწვდომ ფასად ვაშლის რეექსპორტის ბოლო კარი დაიხურა.

„ეს ხდება რუსეთისთვის მეტად ცუდ დროს, როცა ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის ბრძოლა ინფლაციის წინააღმდეგ არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო ბოსტნეულსა და ხილზე ფასები კვლავ რეკორდს ხსნიან,” - წერს EastFruit.

ექსპერტების შეფასებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების საბაჟო ერთობა ჩამოშლას განაგრძობს და რუსეთი მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის უნარს კარგავს.

წელს რუსეთმა გაზაფხულის ყინვების გამო ვაშლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. რუსი მომხმარებლები ამ ხილს უკვე რეკორდული ფასებში ყიდულობენ, ხოლო ბელარუსისა და ყაზახეთის გავლით ჩრდილოვანი იმპორტის შესაძლებლობის დაბლოკვით ფასების ზრდა მხოლოდ დაჩქარდება.

EastFruit-ის ცნობით, რუსეთისთვის ვაშლის უახლოეს მიმწოდებლებად ირანი, ჩინეთი და თურქეთი რჩებიან. თუმცა ირანიც და თურქეთიც დიდი ხანია, ვაშლის ექსპორტს ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში არჩევენ, სადაც პროდუქტს უფრო მაღალ ფასში ყიდიან.