Casu marzu: როგორ მზადდება და რა ღირს „ყველაზე საშიში“ ყველი მსოფლიოში

ყველი

იტალიის კუნძული სარდინია ტირენიის ზღვის ცენტრში მდებარეობს. თეთრქვიშიანი პლაჟებითა და ზურმუხტისფერი წყლებით გარშემორტყმული, კუნძულის შიდა ლანდშაფტი ციცაბო ბორცვებითა და გაუვალი მთებით გამოირჩევა.

სწორედ ამ “მიუწვდომელ“ გორაკებში აწარმოებენ მწყემსები casu marzu-ს - მატლიან ყველს, რომელიც 2009 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა და მსოფლიოში „ყველაზე საშიშ“ ყველად დასახელდა.

ბუზები, სახელად Piophila casei, კვერცხებს დებენ ყველის ნაპრალებში. როდესაც ისინი იჩეკებიან, ცხოვრობენ საკვებ მასაში, იქვე ამუშავებენ ცილებს და პროდუქტს რბილ ნაღების ყველად აქცევენ.

გარკვეული დროის შემდეგ, ყველის მწარმოებელს შეუძლია პროდუქტს თავი მოხადოს და კოვზით ამოიღოს რბილი საკვები. თუმცა ეს კარგი სანახაობა არ არის, სწორედ ამ დროს იწყებენ პატარა თეთრი მატლები მოძრაობას.

casu marzu -ს აქვს განსაკუთრებული არომატი და პიკანტური გემო. ზოგი ამბობს, რომ ეს აფროდიზიაკია. სხვები ამბობენ, რომ ეს შეიძლება საშიში იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ლარვას შეუძლია დააავადოს ადამიანის ნაწლავები - თუმცა, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ ყველის გაყიდვა აკრძალულია, თუმცა სარდინიელები მას საუკუნეების განმავლობაში მიირთმევენ და დღესაც ერთ-ერთ ყველაზე სასურველ დელიკატესად ითვლება რეგიონში.

მისი დაგემოვნება მოგზაურს ადგილობრივ მწყემსებთან შეუძლია.

Casu Marzu ჩვეულებრივ იწარმოება ივნისის ბოლოს, როდესაც ადგილობრივი ცხვრის რძე იწყებს ცვლილებას - ცხოველები შედიან რეპროდუქციულ პერიოდში და ზაფხულის სიცხისგან ბალახი შრება.

სამი თვის შემდეგ დელიკატესი მზად არის.

Casu marzu რეგისტრირებულია სარდინიის ტრადიციულ პროდუქტად და შესაბამისად, ადგილობრივი დაცვის ქვეშ იმყოფება. თუმცა, იტალიის მთავრობამ ნაწარმი უკანონოდ მიიჩნია 1962 წლიდან - ეს განაპირობა კანონმა, რომელიც პარაზიტებით დაბინძურებული საკვების მოხმარებას კრძალავს.

მათ, ვინც ამ ყველს ყიდის, ათასობით ევროთი აჯარიმებენ.

თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თუ მისი შეძენა მაინც გადაწყვიტეთ - ადგილობრივ მწარმოებელთან ერთი კილოგრამი ყველის ფასი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

წყარო: cnn.com