ჩინეთი 10 ახალ ბირთვულ რეაქტორს ააშენებს

ჩინეთი

ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ 10 ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობა დაამტკიცა, რითაც დაადასტურა, რომ ქვეყნისთვის ბირთვული ენერგია ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლის მთავარი მიმართულებაა.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გეგმის თანახმად, ახალი რეაქტორების მშენებლობა ჩინეთს 200 მლრდ იუანი (დაახლოებით, 27 მლრდ დოლარი) დაუჯდება.

უკვე მეოთხე წელია, რაც ჩინეთი, სულ მცირე, ათი ახალი რეაქტორის მშენებლობას ამტკიცებს. ამჟამად ქვეყანაში 30 რეაქტორის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც მსოფლიოში არსებული ყველა მშენებარე პროექტის, თითქმის, ნახევარია.

არსებული პროგნოზით, ჩინეთი მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის აშშ-ს გაუსწრებს და მსოფლიოში ბირთვული ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი გახდება.

ჩინეთის ელექტროენერგეტიკის საბჭოს მონაცემებით, წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ბირთვული ენერგიის სიმძლავრე, სავარაუდოდ, 65 გიგავატს მიაღწევს, მაშინ, როცა გასულ წელს მოცულობამ 60 გიგავატი შეადგინა.

2040 წლისთვის ბირთვული ენერგიის მოცულობის 200 გიგავატამდე გაზრდა იგეგმება, რაც ქვეყანაში ელექტროენერგიის მთლიანი წარმოების, დაახლოებით, 10%-ია.

წარმატების მთავარი ფაქტორი ხარჯის კონტროლია. კერძოდ, ჩინეთში ერთი რეაქტორის ღირებულება 2.7 მლრდ დოლარად არის შეფასებული, რაც აშშ-სა ან ევროპაზე მნიშვნელოვნად იაფია, სადაც მშენებლობა შეფერხებებსა და ბიუჯეტის გადაჭარბებას აწყდება.

ამასთან, ჩინეთის უპირატესობა სამთავრობო მხარდაჭერაშია, რაც იაფ კრედიტსა და მიწოდების სტაბილურ ჯაჭვზე წვდომას უზრუნველყოფს. ეს შეფერხებების თავიდან აცილებას ხელს უწყობს და პროექტებს აიაფებს.

BPN.GE