„ჩვენ რუსეთი საწვავს შეღავათიან ფასად ისედაც აღარ გვაძლევდა“ - გაძვირდება თუ არა საწვავი

ნავთობპროდუქტები

„ჩვენ რუსეთი საწვავს შეღავათიან ფასად ისედაც აღარ გვაძლევდა“, - ასე ეხმაურება „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი რუსეთს ფედერაციის მიერ საწვავის ექსპორტის შესაძლო სრულ აკრძალვას.

როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ამ დროისთვის ბაზარი უკვე დივერსიფიცირებულია, ამასთან, საქართველოს რუსეთი საწვავს „პლატსის“ ფასების მიხედვით აწვდიდა. შესაბამისად, ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ არც რაოდენობრივად და არც ფასზე, ეს ადგილობრივ ბაზარზე არ აისახება.

„ჩვენ რუსეთი საწვავს შეღავათიან ფასად ისედაც აღარ გვაძლევდა“ - გაძვირდება თუ არა საწვავი

„ჩვენ ფასებზე ასახვას არ ველოდებით. მოლოდინი საკმაოდ კარგი მაქვს. იმიტომ, რომ საწვავს ბევრი სხვა ქვეყნიდან ვიღებდით და ფაქტობრივად, დიდი სხვაობა ფასებს შორის [რუსული საწვავის ფასებთან შედარებით] არ გვქონია. ეს გამოიწვია იმან, რომ ბოლო დროს, რუსეთი საწვავს შეღავათიან ფასად ისედაც აღარ გვაძლევდა. მათი ფასიც იყო „პლატსის“ მიხედვით. ადრე, ფასდაკლებებით გვაწვდიდა ხოლმე. ახლა რუსულ საწვავსაც ვიღებდით იგივე ფასით, როგორც ვიღებდით ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მართალია, ძალიან დიდი რაოდენობები არ არის, მაგრამ გვაძლევს ბელარუსიც.

ამიტომ, არც რაოდენობრივად მოგვაკლდება დიდად, რადგან ჩვენ ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს არაჩვეულებრივი, ასე რომ, ჩვენზე ეს არ აისახება. და, არც ფასის მიხედვით ბაზარზე არანაირ ცვლილებას არ ველოდებით“,- ამბობს ვახტანგ იობაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება 1-ელი მარტიდან საავტომობილო ბენზინის ექსპორტის სრული აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს.

Reuters-ის ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისში ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მწარმოებლებისთვის ბენზინის ექსპორტის ერთი თვის ვადით აკრძალვის ინიციირებისთვის მზად არის.

ცნობისთვის: იანვრის ბოლოს რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება რუსეთიდან საავტომობილო ბენზინის ექსპორტის აკრძალვის 28 თებერვლამდე გახანგრძლივების შესახებ, რაშიც გამონაკლისი მხოლოდ ნავთობპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მიენიჭა.

bpn.ge