1736330429
ჩვენი ეკონომიკა რეალურად ძალიან მძიმე დღეშია - სალომე ზურაბიშვილი
„ჩვენი ეკონომიკა რეალურად ძალიან მძიმე დღეშია“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის იზოლაცია პირდაპირ აისახება ეკონომიკასა და ფინანსურ შემოსავლებზე.
„საქართველო უფრო და უფრო გადასულია იზოლაციაში და ჩაკეტილია ქვეყანა, რაც ცხადია პირდაპირ ჩვენს ეკონომიკაზე აისახება, რომელიც დღეს ასევე, დიდწილად გაჩერებულია. მართალია ის, რომ რაღაცა შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში, იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გაძლიერებულია და დღეს ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების, სწორედ არის ის ძალიან ძვირადღირებული მანქანები, რომელიც საქართველოდან გადის, ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად კი რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს, ამის გატანის, გაყვანის საქართველოდან. ამ მანქანებში კიდევ სხვა რა დევს, ესეც გასარკვევია. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს მმართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს. ეს არის ჩვენი დღევანდელი სამწუხარო და ძალიან ღრმა კრიზისი, რომლიდანაც გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.