ევროკავშირი რუსეთში ტურისტული მომსახურების მიწოდების აკრძალვას განიხილავს

ტურისტები

ბრიუსელმა სანქციების მე-19 პაკეტში შესაძლოა, რუსეთში ტურისტული მომსახურების მიწოდების აკრძალვა შეიტანოს. ეს შეზღუდავს ევროპელებს, რომლებსაც რუსეთში ჩასვლა და იქ ფულის დახარჯვა სურთ.

ამის შესახებ ევროკომისიის წინადადებების პროექტში წერია, რომელიც EUobserver-მა მოიპოვა.

დოკუმენტში, კერძოდ, წერია, რომ „რუსეთში ტურისტულ საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება უნდა აიკრძალოს.“ ევროკომისიის შეფასებით, „ეს იმისთვის კეთდება, რომ შემცირდეს შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ასეთი მომსახურებიდან იღებს, ასევე, რუსეთში იმ მოგზაურობისა და დასვენების აქტივობების პოპულარიზაცია შეიზღუდოს, რომელიც აუცილებლობას არ წარმოადგენს.“

ამასთან, ევროკომისია შენიშნავს, რომ რუსეთში მყოფი ევროკავშირის მოქალაქეები „თვითნებური დაპატიმრებისა და დაკავების გაზრდილი რისკის წინაშე დგანან, ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის საკონსულო დაცვა შეზღუდულია.“

რაც შეეხება ევროკავშირში რუსების ტურისტულ მოგზაურობას, ამაზე შეზღუდვები ჯერ გათვალისწინებული არ არის. ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები, ასევე, ჩეხეთი და პოლონეთი ამ შეზღუდვების დაწესებასაც ითხოვენ და, სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების რისკებზეც მიუთითებენ.

გასულ წელს ევროკავშირში რუსი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და წინა წლის 517 000-კაციან მაჩვენებელთან შედარებით, 541 000 ადამიანს მიაღწია. თუმცა უკრაინის ომამდე ევროპას ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი სტუმრობდა.

ევროკავშირის ანონიმურმა დიპლომატმა EUObserver-ს განუცხადა, რომ ევროკომისია წლის ბოლომდე რუსი ტურისტებისთვის ახალი სტრატეგიის გამოქვეყნებას გეგმავს. ეს, სავარაუდოდ, ევროკავშირის სანქციების პაკეტებთან შედარებით „უფრო რბილი, არასავალდებულო დოკუმენტი“ იქნება.

bpn.ge