"[ტრამპს] განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს" - მიხეილ ყაველაშვილი

მსოფლიო 1758881301
მიხეილ ყაველაშვილი

"ქართული ოცნების" არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ვახშამზე, რომელიც გაეროს სესიის შემდეგ ნიუ-იორკში გაიმართა, იგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განახლებაზე ესაუბრა - ნიუ-იორკიდან ყაველაშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა. მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს. დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა სხვა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან", – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა. აქამდე ცნობილი იყო, რომ იგი დაესწრებოდა ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურებისთვის გაიმართებოდა და ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდებოდა. გავრცელდა ინფორმაცია ყაველაშვილისა და აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის შეხვედრაზეც.