ორჯერ მაღალი ეიფელის კოშკზე - ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი გაიხსნა (+ფოტო)

მსოფლიო 1759130471
ხიდი

ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, ოფიციალურად გაიხსნა ჰუაჯიანგის დიდი კანიონის ხიდი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხიდის ტიტულს ატარებს - ამის შესახებ The Sun-ი წერს.

ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტი მდინარე ბეიპანზეა გადაჭიმული და ზღვის დონიდან 625 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სიგრძე 2890 მეტრია, ხოლო ცენტრალური მონაკვეთი 1420 მეტრს აღწევს.

ჰუაჯიანგის ხიდი „Golden Gate“-ზე ცხრა და ეიფელის კოშკზე ორჯერ მაღალია, სიმაღლით კი თითქმის უტოლდება შანხაის 632-მეტრიან ცათამბჯენს.

ხიდი 152 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალის, Liuzhi-Anlong Expressway-ის პროექტის ნაწილია და მისი მშენებლობა 300 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. სამშენებლო სამუშაოები სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის დროსაც გამოყენებული იყო უახლესი ტექნოლოგიები - სატელიტური ნავიგაცია და დრონები.

ხიდის კონსტრუქცია გამაგრებულია 215 ტონა ფოლადის დეტალებით, ხოლო მისი ძირითადი ტვირთამწევი ნაწილი 93 სეგმენტისგან შედგება, რომელთა ჯამური წონა 22,000 ტონაა, რაც ეიფელის კოშკის წონაზე სამჯერ მეტია.

ხიდის გახსნამდე კანიონის გადასაკვეთად მძღოლებს დაახლოებით ორი საათი სჭირდებოდათ, ახლა კი მხოლოდ ორი წუთია საჭირო.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ახალი ხიდი არა მხოლოდ გადაადგილებას გაამარტივებს, არამედ ხელს შეუწყობს გუიჯოუს პროვინციის ეკონომიკურ განვითარებას და ქალაქებს შორის ინტეგრაციას.

მანამდე „მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდის“ სტატუსი ეკუთვნოდა ასევე გუიჯოუს პროვინციაში მდებარე ბეიპანჯიანის ხიდს, რომელიც 2016 წელს აშენდა და 545 მეტრის სიმაღლეზეა მდებარეობს.