ფილიპინების თავზე ცაში ასტეროიდი შემოიჭრა და ატმოსფეროში დაიწვა

 ასტეროიდი

გამთენიისას, ფილიპინების თავზე ცაში ასტეროიდი შემოიჭრა. ობიექტი ატმოსფეროში შემოსვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს და კუნძულ ლუსონის თავზე ელვარედ დაიწვა.

ასტეროიდს 2024 RW1 უწოდეს და ის NASA-ს პროგრამა Catalina Sky Survey-მ დედამიწის ატმოსფეროში შემოღწევამდე ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა. ობიექტის დიამეტრი სულ რაღაც ერთ მეტრამდე იყო და არ წარმოადგენდა რაიმე საფრთხეს. როგორც წესი, ამ ზომის ობიექტები პლანეტის ზედაპირამდე ვერ აღწევს და ატმოსფეროში იწვება.

ფილიპინების ჩრდილოეთ ნაწილიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს კაშკაშა ცეცხლის ბურთი, რომელსაც ნაწილობრივ ღრუბლები ფარავს. ასტეროიდმა უცბად კუდიც წარმოქმნა, რომელიც სწრაფადვე გაქრა.

ეს მხოლოდ მეცხრე შემთხვევაა, როდესაც ასტეროიდი დედამიწასთან მოღწევამდე დააფიქსირეს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) აცხადებს, დედამიწის ატმოსფეროში ყოველ ორ კვირაში ერთხელ შემოდის მეტრიანი ასტეროიდი.

ვრცლად პირველ არხზე