1751264239
ილონ მასკი ახალ იმპლანტზე მუშაობს, რომელიც სიბრმავეს განკურნავს

ილონ მასკმა სტარტაპ Neuralink-ისგან ტვინის ახალი იმპლანტი, Blindsight დააანონსა, რომელიც უსინათლოებს მხედველობას დაუბრუნებს.
„Blindsight არის Neuralink-ის მომდევნო პროდუქტი Telepathy-ის შემდეგ,“ - წერს მილიარდერი სოციალურ ქსელ X-ზე.
მასკის ცნობით, ”გადაწყვეტა, Nintendo-გრაფიკის მსგავსად, თავიდან დაბალი დონის იქნება, მაგრამ საბოლოოდ შესაძლოა, ადამიანის ნორმალურ ხედვას გადააჭარბოს.”
მილიარდერი წერს, რომ Blindsight-ის იმპლანტის მაიმუნებში შესწავლა უკვე მიმდინარეობს და მოწყობილობის შედეგად სერიოზულად არც ერთი ცხოველი არ დაშავებულა.
მანამდე Neuralink-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პირველი პაციენტი ტვინში ჩანერგილი ნეიროჩიპის საშუალებით ლეპტოპზე ჭადრაკს თამაშობს და მასზე კურსორს აზროვნების ძალით გადააადგილებს. პაციენტი, ნოლან არბო, დაახლოებით, რვა წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მხრებიდან ქვემოთ პარალიზებული იყო. იანვარში მასკმა განაცხადა, რომ პაციენტს წარმატებით ჩაუნერგეს ნეიროჩიპი, რომელიც მას აზროვნების ძალით ელექტრომოწყობილობების კონტროლის საშალებას აძლევდა. თებერვალში მილიარდერმა, ასევე, დაწერა, რომ პაციენტმა ჩანერგილი ჩიპის გამოყენებით კომპიუტერის ეკრანზე კურსორის მართვა ისწავლა.
თავად არბო აცხადებს, რომ ჩიპის იმპლანტაციის ოპერაციამ “სუპერმარტივად” ჩაიარა და, ფაქტიურად, მეორე დღესვე გაწერეს საავადმყოფოდან. ამასთან, მას არც რაიმე კოგნიტური დაქვეითება არ აღენიშნება.
ილონ მასკმა მაიმუნის ტვინში ჩიპის წარმატებული იმპლანტაციის შესახებ პირველად 2021 წლის თებერვალში გამოაცხადა. იმავე წლის აპრილში კომპანიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მაიმუნი „გონების ძალით“ ვიდეოთამაშს თამაშობდა. გასული წლის მაისში Neuralink-მა განაცხადა, რომ ადამიანში პირველი კლინიკური გამოცდის ჩასატარებლად აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოსგან ნებართვა მიიღო.
Reuters 2023 წლის ივნისის დასაწყისში წერდა, რომ იმ პერიოდისთვის სტარტაპ Neuralink-ი 5 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.