კაიროს მუზეუმიდან 3000 წლის სამაჯური მოიპარეს

კაიროს მუზეუმი

კაიროს მუზეუმიდან 3000 წლის სამაჯური მოიპარეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის ფარაონის ამენემოპის სამაჯურის გაუჩინარების ფაქტი ათობით ექსპონატის რომში გამოფენაზე გასაგზავნად მომზადების პროცესში გამოაშკარავდა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სამაჯური მუზეუმში მომუშავე რესტავრატორმა მოიპარა. რესტავრატორმა სამაჯური ნაცნობ ოქრომჭედელს მისცა, რომელმაც ის 3 735 აშშ დოლარად გაყიდა. სამაჯურმა კიდევ ერთხელ გამოიცვალა მფლობელი და საბოლოოდ, სხვა ოქროს სამკაულებთან ერთად გადაადნეს.

ეგვიპტის ტურიზმის და სიძველეების სამინისტრომ განაცხადა, რომ სამაჯურის გაუჩინარებაში მონაწილე ოთხმა დამნაშავემ უკვე აღიარა ბრალი, ხოლო სამაჯურში გადახდილი 4000 აშშ დოლარი ამოიღეს.

სამაჯურის ფოტო ეგვიპტის მასშტაბით, არსებულ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში ცირკულირებდა ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა მისი აღმოჩენა დროულად ვერ მოხერხდა.