Kaspi.kz-მ 650 მლნ დოლარის პირველი ობლიგაციები გამოუშვა

მიხეილ ლომთაძე

მიხეილ ლომთაძის ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Kaspi-მ, რომელიც ყაზახეთში ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანიაა, თავისი პირველი ხუთწლიანი ობლიგაციები 6.25%-ად განათავსა. ამით კომპანია 650 მლნ დოლარის მიზიდვას გეგმავს.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიამ გასულ კვირას ფიქსირებული შემოსავლის საერთაშორისო ინვესტორებთან დავალიანება განათავსა.

გარიგების ორგანიზატორები Citi, JP Morgan და BCC Invest არიან.

2024 წელს Kaspi.kz-ის სუფთა მოგება 25%-ით, 1.1 ტრლნ ტენგემდე (2.2 მლრდ დოლარამდე), ხოლო შემოსავალი 32%-ით 2.5 ტრლნ ტენგემდე, ანუ 5 მლრდ დოლარზე მეტად გაიზარდა.

კომპანია წელს სუფთა მოგების 20%-ით ზრდას მოელის.

ცნობისთვის: 1-ლი იანვრის მდგომარეობით, Kaspi.kz-ის ძირითადი აქციონერები არიან: მიხეილ ლომთაძე (22.6%), ვიაჩესლავ კიმი (21.4%) და Baring Funds (24.68%). 2024 წლის იანვარში აქციონერებმა Nasdaq-ზე IPO-ს მეშვეობით თავიანთი აქციების ნაწილი გაყიდეს და 1.04 მლრდ დოლარი მიიზიდეს. Kaspi.kz ყაზახეთის სიდიდით მესამე საცალო ბანკის, Kaspi Bank-ის მფლობელია. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს თურქულმა წამყვანმა მარკეტპლეის Hepsiburada-მ, რომლის 65,41%-იანი წილიც Kaspi.kz-მა იანვარში შეიძინა, მიხეილ ლომთაძე გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია. Hepsiburada-ს 9-კაციან გამგეობაში Kaspi.kz-დან კიდევ ორი ქართველი, თენგიზ მოსიძე და სანდრო ბერძენიშვილი შევიდნენ. მოსიძე Kaspi.kz-ში ფინანსებზე არის პასუხისმგებელი, ხოლო ბერძენიშვილი Kaspi Pay-სა და Kaspi.kz-ის მობილური კომერციის ხელმძღვანელია.

bpn.ge