„ხორბლის დაბალმა ფასებმა პრობლემები შექმნა - ზოგმა მიწა გაყიდა, ზოგმა დაანება თავი წარმოებას“ - რატომ მცირდება ნათესი ფართობები

ხორბალი

მარცვლოვანი კულტურების საშემოდგომო ნათესი ფართობები ექვსწლიან მინიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური თანახმად, 2025 წლისთვის ხორბლისა და ქერის ნათესი ფართობები 58.7 ათას ჰექტარს შეადგენს.

„მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, რომ ნათესი ფართობების შემცირება შესაძლოა, გამოწვეულია გასული ორი წლის განმავლობაში ხორბლის ფასების დაცემით, რამაც ფინანსური პრობლემები შეუქმნა ფერმერებს.

„2023 წელს შემცირდა ფართობები, რადგან მოსავალი ვერ გაიყიდა და ფერმერებს ნახევარ ფასში მოუწიათ რეალიზაცია, შესაბამისად, 2024 წელს ნაკლები მარცვლეული დაითესა. მეორე ფაქტორია ის, რომ იმავე პერიოდში ლაგოდეხი გადავიდა სიმინდის თესვაზე, რადგან სიმინდი სარწყავ ტერიტორიებზე შედარებით მომგებიანია.

2024 წლის შემოდგომით ხორბლისა და ქერის ფართობები უფრო მეტი უნდა იყოს დათესილი. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ იმ დაბალმა ფასებმა, რომელიც გასული 2 წლის განმავლობაში იყო, იმოქმედა ნათეს ფართობებზე. დაბალმა ფასებმა ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა დარგში მომუშავე ადამიანებს, უჭირდათ სესხების გადახდა, ზოგმა მიწა გაყიდა, ზოგმა დროებით დაანება თავი ხორბლის წარმოებას. მთელი წელი იმუშავეს და შემდეგ 40 თეთრში გაყიდეს 2023 წელს, მაშინ დაუმუშავებელი ფართობები დიდი იყო“, - აღნიშნავს ბენიაიძე.

განსხვავებით წინა წლებისგან, ბენიაიძის თქმით, წელს გაზრდილია ხორბლის ფასი. უფრო კონკრეტულად, ამ ეტაპზე 1 კგ-ის ფასი 75-80 თეთრის ფარგლებში მერყეობს.

„წელს ფასები გაიზარდა - მოსკოვიდან პეტერბურგამდე ათი რეგიონი გაიყინა და შედარებით ნაკლები მოსავალი მიიღო რუსეთმა და ამან წამოწია ფასების ზრდა. აგრეთვე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქერზე შემოიღოს დროებითი საფასური, რომელიც ალბათ, მუდმივში გადავა - ეს მოსაკრებელი აქვს რუსეთსაც, სწორედ იმის საპირწონე უნდა იყოს, რათა ფასები შენარჩუნდეს. თუკი ფასები იქნება რეალური, დარგი წინ წავა და გააჩნია იმის პოტენციალი, რომ 50%-ზე [თვითკმარობის] ავიდეთ“, - განაცხადა ბენიაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებულია 22 041 ტონა ხორბალი, რომლის ღირებულებამაც 5.29 მილიონ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქართული ხორბლის ექსპორტი არ განხორციელებულა.

bpn.ge