მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ახალი ტესტი, რომელიც თავის ტვინის კიბოს ერთ საათში აფიქსირებს

ტესტი

მეცნიერებმა თავის ტვინის კიბოს დაფიქსირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც გაცილებით სწრაფი და ნაკლებად ინვაზიურია, ვიდრე ქირურგიული ბიოფსია.

ამ „თხევადი ბიოფსიისათვის“ საჭიროა მხოლოდ 100 მიკროლიტრი სისხლი და სულ რაღაც ერთი საათი. აფიქსირებს გლიობლასტომასთან დაკავშირებულ ბიომარკერებს — ეს გახლავთ თავის ტვინის ყველაზე გავრცელებული და მომაკვდინებელი ტიპი.

მეთოდი გლიობლასტომის ყველა ამჟამინდელ ტესტსა და მარკერს ბრწყინვალე სიზუსტით ჯობნის.

რევოლუციური მეთოდი ამერიკელ და ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფმა შექმნა, რომელსაც აშშ-ის ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ. მათი კონცეფციის მტკიცებულება ჯერ სრულყოფილი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია დიაგნოსტირებაში.

ტესტი ეფუძნება სისხლის მუტირებული ბიომარკერების შეგრძნებას, რომელსაც ეპიდერმულ ზრდის ფაქტორ რეცეპტორებს (EGFR) უწოდებენ და რომლებიც ზედმეტად გამოხატულია გარკვეულ კიბოებში, მაგალითად, გლიობლასტომაში.

სისხლის ბიომარკერები გვხვდება უჯრედგარე ვეზიკულებში; ეს პატარა პაკეტები შეიცავს ცილებს, ლიპიდებსა და თავდაპირველი უჯრედის გენეტიკურ მასალას.

„უჯრედგარე ვეზიკულები, ანუ ეგზოსომები უჯრედების მიერ გამოყოფილი უნიკალური ნანონაწილაკებია.

„ისინი დიდია, მოლეკულაზე 10-15-ჯერ დიდი და აქვთ სუსტი მუხტი. ჩვენი ტექნოლოგია კონკრეტულად ამ ნანონაწილაკებისთვის შეიქმნა, რათა მათ მახასიათებელთა უპირატესობა გამოიყენოს“, — ამბობს ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური ინჟინერი ჰსუე-ჩია ჩანგი.

სიმსივნურ უჯრედთა მიერ გამოყოფილი მოლეკულების დასაფიქსირებლად, მკვლევრებმა სუპერმგრძნობიარე ბიოჩიპი სისხლის პლაზმის დაუმუშავებელ ნიმუშში ჩადეს.

ეს ჩიპი 2 დოლარზე იაფი ღირს და აღჭურვილია საწერი კალმის ბურთულის ზომის ციცქნა სენსორით. ინტერფეისი შეიცავს ანტისხეულებს, რომლებიც მუტირებული EGFR-ების ეგზოსომებზეა გათვლილი.

როდესაც EGFR-ები ბიოჩიპს ეკვრიან, პლაზმის ხსნარში ხდება ძაბვის ცვლილება, რაც მაღალ უარყოფით მუხტს იწვევს. ეს კი შესაძლო კიბოს მანიშნებელია.

ექსპერიმენტებში, ბიოჩიპი დატესტეს გლიობლასტომის მქონე 20 პაციენტის და 10 ჯანმრთელი ადამიანის სისხლის ნიმუშებზე. თითოეულ ტესტში თითო ჩიპი გამოიყენეს.

საბოლოოდ, თხევადმა ბიოფსიამ კიბოს ბიომარკერები ბრწყინვალე სიზუსტით დააფიქსირა, თანაც ძალიან იაფად..