Microsoft-ი რუსეთისთვის ლიცენზიებს აღარ გააგრძელებს

microsoft

მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოდან რუსულმა კორპორაციები Microsoft-ის სერვისებს ვეღარ განაახლებენ. ამის შესახებ Forbes წერს. მასალაში ვკითხულობთ, რომ Microsoft რუსეთს ახალ პროდუქტებს არ მიაწვდის, რითაც აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების ხაზს გააგრძელებს.

ამ დროისთვის რუსული კორპორაციების 70-იდან 90%-მდე Microsoft-ის საოპერაციო სისტემებით, საოფისე პროგრამებით და სხვა პროდუქტებით სარგებლობს. შესაბამისად, ეს ცვლილება მათზე მნიშვნელოვნად და უარყოფითად იმოქმედებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, შესაძლოა, მონაცემების დაცვის პრობლემაც შექმნას. 

პრობლემას ქმნის ისიც, რომ Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფა ცნობს მხოლოდ Windows-ის ოპერატიულ სისტემებს, შესაბამისად, მათი შემცვლელი პროდუქტების პოვნა იოლი არ იქნება. თავისი გადაწყვეტილებით, Microsoft რუსულ კორპორაციებს ფინანსურადაც აზარალებს და ადამიანური კაპიტალის პრობლემის წინაშეც აყენებს.

მოცემულ ვითარებაში რუსეთს ორი გზა რჩება - ან მთლიანად ახალ IT სისტემაზე გადავიდეს ან მთლიანად პირატული სისტემის მომხმარებელი გახდეს. სპეციალისტების ვარაუდით, მეორე ვარიანტი გაცილებით ადვილი ასარჩევი იქნება მცირე ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის, თუმცა, დაუშვებელი - საჯარო სექტორისა და მსხვილი კორპორაციებისთვის.