1692630000 • სხვადასხვა
მოდის ინდუსტრიაში მუშაობის 10 უპირატესობა

მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიაში მუშაობა მომქანცველ, არანორმირებულ რეჟიმს გულისხმობს, მას მაინც აქვს უპირატესობები, რომელიც სპეციალისტებმა 10 პუნქტად ჩამოწერეს.
1. შემოქმედებითი რეალიზაცია - ეს სრული სამოთხეა ამ თვალსაზრისით. მნიშვნელობა არ აქვს მოდელი ხართ, დიზაინერი, კოლექციებს ქმნით, ფოტოსესიებს აწყობთ, ჩვენებებს მართავთ თუ ვაჭრობის მიმართულებით მუშაობთ - ახალი იდეებისა და მიდგომების დანერგვა, თქვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილი იქნება.
2. ქსელურობა პიროვნების ნაწილი ხდება - სამოდელო ბიზნესი წარმოუდგენელია ქსელურობის გარეშე. ურთიერთობების ეს სახე გასწავლით ადვილად გაიჩინოთ ახალი ნაცნობები, გქონდეთ საინტერესო პროფესიული და პირადი ურთიერთობები.
3. საჩუქრები - აქ სამოდელო ინდუსტრია უპირობო ლიდერია. ბრენდები ცდილობენ თავი დაგამახსოვრონ და გულუხვად გასაჩუქრებენ თავიანთი პროდუქციით. ნებისმიერ ჩვენებას, პრეზენტაციასა თუ გამოფენას კი, თან მსუყე სასაჩუქრე პაკეტები ახლავს.
4. მოგზაურობა - ესეც მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. ფოტოსესიები, ჩვენებები, პროდუქციის ნიმუშების გაცვლა, ფაბრიკების მუშაობის შემოწმება, შეხვედრები პარტნიორებთან - მთელ მსოფლიოს მოგატარებთ.
5. სავსე საზოგადოებრივი ცხოვრება - მოდის ინდუსტრიაში არა მარტო გემოვნებით იცვამენ, მშვენიერ საღამოებსაც მართავენ. აქ მზად უნდა იყოთ VIP პარტნიორებისთვის გამართულ შეხვედრებში მონაწილეობისთვისაც.
6. არანაირი მოწყენა - ამ სფეროში არ არსებობს რუტინული სამუშაო. არა მარტო მოდის დიზაინერები, სტილისტები, ფოტოგრაფები, მოდელები არჩევენ პროდუქციის ნიმუშებს, მათაც, ვინც კერავს ან აუთოებს, ყოველ ჯერზე, ახალ ნამუშევართან უწევს შეხება.
7. გლამური - მოდა, თავისთავად, გლამურია და მაგნიტივით იზიდავს ყველას, ვისაც ასეთი ცხოვრება მოსწონს. რომელიმე ჩვენებაზე ან პრეზენტაციაზე, შეიძლება, ცნობილი მსახიობი, მომღერალი, მხატვარი, კინორეჟისორი, მწერალი ან კომპოზიტორი გაიცნოთ.
8. პრობლემების მოგვარება - მოდის ინდუსტრიაში, სადაც ბრენდების სიმრავლე და უზარმაზარი კონკურენციაა, პრობლემების მოგვარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს კი, მუდმივად ტონუსში გამყოფებთ.
9. მაღალი შემოსავალი - მოდის ინდუსტრია კარიერული ზრდის კარგ პერსპექტივას გთავაზობთ. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად მაღლა ახვალთ. ყოველი ახალი ნაბიჯი ზევით გაზრდის ნულების რაოდენობას თქვენი ხელფასის აღმნიშვნელ გრაფაში.
10. ტოლერანტობა და მრავალფეროვნება - მოდის ინდუსტრია არსებობის უფლებას აძლევს ნებისმიერ აზრს, იდეას, განსხვავებულ შეხედულებას, ძველისა და ახლის შერწყმას. შესაბამისად, პატივს სცემს ადამიანებს შორის თანასწორობას.