1750326447
მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 2.15 დოლარიდან 3 დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ ბანკის განცხადებაში წერია, რასაც Forbes ავრცელებს.
წინა ზღვარი 2022 წელს 2017 წლის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მონაცემების საფუძველზე დადგინდა.
ადამიანები, რომლებიც დღეში 3 დოლარზე ნაკლები ოდენობით ცხოვრობენ, ამიერიდან უკიდურეს სიღარიბეში მყოფებად ჩაითვლებიან. მსყიდველუნარიანობის პარიტეტი არის მონაცემი, რომელიც სხვადასხვა ვალუტის ერთ შესადარებელ ერთეულად გადაყვანის საშუალებას იძლევა და სხვადასხვა ქვეყანაში ფასების სხვაობას ითვალისწინებს.
2022 წელს 2011 წლის მსყიდველუნარიანობის პარიტეტი 2017 წლის პარიტეტით შეიცვალა და სიღარიბის ზღვარი დღეში 1.90 დოლარიდან 2.15 დოლარამდე გაიზარდა. 2015 წელს სიღარიბის ზღვარი დღეში 1.25 დოლარიდან 1.90 დოლარამდე შეიცვალა.
მსოფლიო ბანკის თემატური ანგარიშის თანახმად, რომლის სახელწოდებაც არის „სიღარიბე, კეთილდღეობა და პლანეტა: მრავალჯერადი კრიზისიდან გამოსვლის გზები“ და რომელიც ოჯახების კვლევის მონაცემებს ეფუძნება, მსოფლიოში გლობალური სიღარიბის პრობლემების გადაჭრას 100 წელზე მეტი დრო დასჭირდება.
2024 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 44%, ანუ 3.5 მილიარდზე მეტი ადამიანი დღეში 6.85 დოლარზე ნაკლები ოდენობით ცხოვრობს, რაც საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის სიღარიბის ზღვრად ითვლება. მათი რიცხვი 1990-იანი წლებიდან პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ამასთან, უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრას, როდესაც ადამიანები დღეში 2.15 დოლარზე ნაკლები ოდენობით ცხოვრობენ, რამდენიმე ათწლეული დასჭირდება.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში, თითქმის, 700 მლნ ადამიანი, ანუ მთლიანი მოსახლეობის 8.5% ცხოვრობს. მათგან ორი-მესამედი სუბსაჰარის აფრიკიდანაა. ამ კატეგორიაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 1990-იანი წლებიდან თანდათან მცირდება, როცა დღეში 2.15 დოლარის ოდენობით 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დღეში ამ ოდენობით ცხოვრობენ, 2030 წლისთვის 622 მილიონამდე შემცირდება.
bpn.ge